Monday, June 21, 2010

არჩევნები 2010

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პირველადი დასკვნის თანახმად, არჩევნები შედგა, თუმცა დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია.
არჩევნებიდან მეორე დღეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შეფასება გააკეთა. ისინი არჩევნებს თითქმის ყველა საარჩევნო საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, ძირითადად დარღვევები შეინიშნებოდა თბილისის მთაწმინდის ოლქში, ასევე - ბათუმსა და ქუთაისში.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელ ეკა სირაძე-დელონეს განმარტებით, არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. "1100 დამკვირვებელი 73-ვე ოლქში აღნუსხავდა საარჩევნო დარღვევებს. სხვადასხვა დარღვევებზე საჩივრები ჩვენც გვექნება, მაგრამ ეს დარღვევები მასშტაბური ხასიათის არ ყოფილა," - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი საკუთარ რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ კვლავ დასახვეწია საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის ხარვეზებიც 30 მაისს ისევ გამოჩნდა. "უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაწმენდაზე, გაიზარდოს ამომრჩეველთა განათლების დონე, გაიზარდოს არჩევნების დანიშვნის ბოლო ვადა და, რაც მთავარია, ამაღლდეს ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაცია," - შენიშნავენ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მათ არაერთგვაროვნად შეაფასეს. ოპოზიციის ნაწილი გამარჯვებულ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მმართველი ძალა კი არჩევნების შედეგებს დემოკრატიის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას ოპოზიციის შეცდომებმაც შეუწყო ხელი: "მათ არასწორად ჰქონდათ აგებული საარჩევნო კამპანია. დაპირებებისას არ უნდა ყოფილიყვნენ კონცეტრირებულნი მხოლოდ ადამიანის უფლებებზე ან საერთაშორისო ურთიერთობებზე. სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება, რასაც გვიან მიხვდნენ. ამასთან, დიდი როლი ითამაშა ოპოზიციის დაქსაქსულობამ. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ამომრჩეველმა რაციონალური არჩევანი გააკეთა."
ოპოზიციის წარმომადგენლები არაერთგვაროვნად აფასებენ მიღები შედეგებს.
"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ არჩევნებში დამარცხება აღიარა და გიგი უგულავას ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების ასრულება უსურვა. "ეროვნული საბჭო" კი არჩევნების შედეგების გამო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
არჩევნების შედეგები "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემაც შეაფასა. მისი განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გუნდი, საბოლოოდ შედგა
"ნაციონალური მოძრაობა" კი ოპონენტებს თანამშრომლობას სთავაზობს, რათა ერთობლივად განახორციელონ თავიანთი იდეები და დასაქმების პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრან.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც აკვირდებოდნენ. მათი წინასწარი დასკვნის მიხედვით, საქართველოს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირდა პროგრესი იმ საერთაშორისო სტანდარტების შესრულებისკენ, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვისაა საჭირო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად ამომრჩეველთა 55,2%-ის მიერ არჩეულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი ბ-ნი გიორგი უგულავა. თბილისის მერის არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ჩატარდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო აჯამებს თბილისის პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნების შედეგებს, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აჯამებს თითოეული საარჩევნო ოლქი. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 52.5% - 14 მანდატი
"ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 17.9% - 5 მანდატი
"გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 12.05% - 3 მანდატი
,,ეროვნული საბჭო" - 8.2% - 2 მანდატი
,,თოფაძე მრეწველები" -6.2% - 1 მანდატი
,,ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" შეფასებით ,,30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ აშკარა პროგრესი აღინიშნა... საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნები პროფესიონალურად, გამჭირვალედ და ყველა მხარის მონაწილეობით წარმართა.... არჩევნების ისტორიაში პირველად საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნები ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრების მიერ იყვნენ არჩეული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიესალმნენ ამ სიახლეს, რომელმაც პროცესებში ჩართულობის ხარისხი გაზარდა. ადგილობრივი დამკვირვებლების დიდმა რაოდენობამ განაპირობა საარჩევნო პროცესის გამჭირვალობის ზრდა." -აღნიშნულია დასკვნაში.

No comments: