Saturday, April 3, 2010

ივ სენ ლორანი Yves Saint Laurent


“Over the years I have learned that what is important in a dress is the woman who is wearing it.”

"წლებზე მეტი დრო დამჭირდა, რომ მესწავლა რომ კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქალი,რომელიც მას ატარებს" .. (რომელსაც ის აცვია) Yves Saint Laurent 

Yves Saint Laurent – დაიბადა 1936 წლის 1 აგვისტოს ალჟირის სანაპირო ქალაქ ორანში, ფრანგი არისტოკრატების ოჯახში. 1953 წელს, როცა 17 წელი შეუსრულდა, ის პარიზში გაემგზავრა. 
  მოდის სამყაროში ლორანი ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ შევიდა: ჩაირიცხა Chambre Syndicale de la Haute Couture-ის სკოლაში. ვულმარკის კონკურსზე კოქტეილის კაბისთვის პირველი პრემია მიიღო; მიშელ დე ბრიუნჰოფის – “VIGUE”-ის ფრანგული გამოცემის შეფის - რეკომენდაციების წყალობით, მას შესაძლებლობა გაუჩნდა, ემუშავა თვით კრისტიან დიორის მხარდამხარ. 1955 წელს ივ სენ ლორანი დიორის ასისტენტი გახდა, იმ წელს მან თავისი პირველი ”საღამოს კაბა” შექმნა. 1957 წელს კრისტიან დიორი გარდაიცვალა და საკუთარი სამოდელო სახლის ხელმძღვანელად 21 წლის ივ სენ ლორანი დატოვა. ასე ჩაიბარა ლორანმა დიორის მემკვიდრეობა, ხოლო მოგვიანებით “მგრძნობიარე ელეგანტურობის” საკუთარი სტილი შექმნა და განამტკიცა.
მისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია მოდის სამყარომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1958 წელს იხილა და გაოგნებული დარჩა სრულიად ახალი სილუეტის აღმოჩენით. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სილუეტი ტრაპეცია იყო. პარიზის პრესა სიხარულით იუწყებოდა: დიორის ტახტი ცარიელი არ დარჩებაო!...
1961 წელს, ბერჟესთან ერთად, ივ სენ ლორანმა თავისი სამოდელო სახლი დააარსა.
1964 წელს გამოჩნდა პირველი არომატი ლორანისგან – ქალის სუნამო, მოკლე სახელწოდებით “Y”. 1966 წელს შეიქმნა ცნობილი სმოკინგების ხაზი.
  შემდგომში ივ სენ ლორანმა მთელი ძალისხმევა რეტ-ა-პორტე-სკენ მიმართა. პარიზში გახსნა ბუტიკი “YSL რივ გოში”. პარალელურად იუმორისტული სტატიების ილუსტრაციებს და თეატრის, ბალეტისა და კინოფილმებისთვის დეკორაციებს ხატავდა. მისი კოსტიუმები ეცვა კატრინ დენევს ლუის ბონელის ფილმში. სწორედ ამ სამუშაოსთვის მიიღო ლორანმა “ოსკარი”. 
  საოცარი წარმატება ჰქონდა 1968 წელს მის კოლექციას “Saharienne”. ამ გამაოგნებელი კოლექციისთვის ის ფოლკლორულ სტილს იყენებს. რბილი, თბილი ჰავა და ფერწერული, ეგზოტიკური მცენარეთა სამყარო წლიდან წლამდე შთააგონებს მას, შექმნას სულ ახალ-ახალი ეთნიკური კოლექცია.
  1971 წელს ლორანმა პირდაპირ შოკში ჩააგდო კრიტიკოსები თავისი ახალი კოლექციით: "40s". იმავე წელს მისმა სახლმა წარმოადგინა 1966 წლის Pret-a-porte-ს კოლექციის “გაგრძელება” - სუნამო კოლექციისავე სახელწოდებით: რივ გოში. ამავე წელს გამოჩნდა მისი პირველი მამაკაცის ოდეკოლონი "Pour Hommes".
  1975 წელს მან ქალბატონებს დენდის სტილი შესთავაზა, Vogue-ის რედაქტორმა თავის შეფასებაში ხაზი გაუსვა სწორედ ამ სიახლეს და ივ სენ ლორანს მოდის სამყაროს ოლიმპზე განსაკუთრებული ადგილი უწინასწარმეტყველა. 
  1977 წელს ლორანმა კიდევ ერთი სენსაციით მოხიბლა ქალბატონები – გაჩნდა ახალი არომატი “ოპიუმი”. სუნამო მომენტალურად ქრებოდა მაღაზიებიდან. ყველა მის შეძენას ცდილობდა.  
  დღეს ისევე, როგორც 40 წლის წინ, ივ სენ ლორანი დახვეწილობის, დიდებულებისა და შარმის სიმბოლოა. ის პატივს სცემს ტრადიციას. საიმედო ცვლაც იპოვა, მემკვიდრე, ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერი ალბერ ელბაზი. ამჯერად Yves Saint Laurent-ის მარკით pret-a-porter –ს კოლექციები მისი ხელით შეიქმნება. თავად ლორანმა კი განაცხადა, რომ ახალ კოლექციებს pret-a-porter -სთვის აღარ გააკეთებს. ის აპირებს საკუთარი თავი, როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც მიუძღვნას haute couture-ს....
  მაგრამ საუბედუროდ is 2008 წლის 2 ივნისს პარიზში 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ალბათ ინტუიციამ უკარნახა მას, მოეძებნა მის მიერ შექმნილი მაღალი მოდის სახლის მემკვიდრე და მისი სახელის ტრადიციის გამგრძელებელი. მოდის სამყარო და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ უდიდესი პიროვნების, მოდის ნოვატორის მოულოდნელი სიკვდილით.
Yves Saint Laurent -დახვეწილობის, დიდებულებისა და შარმის სიმბოლოდ დარჩება ყოველთვის.


No comments: