Sunday, July 11, 2010

„რობერტ სტურუა“ – ორტომეული დიდ ქართველ რეჟისორზე




თანამედროვე ქართული თეატრის უდიდესი რეჟისორი რობერტ სტურუა საყოველთაო ყურადღების ცენტრში წელს კიდევ ერთხელ მოექცა. 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრმა რეჟისორისადმი მიძღვნილი ალბომის „რობერტ სტურუა“ პრეზენტაცია გამართა. რეჟისორზე და მის სპექტაკლებზე შეყვარებული მაყურებელი რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში ზეიმობდა ალბომის გამოცემას.


„პატარაობისას სტუმრად წასვლა არ მიყვარდა, უფროსები საუბრობდნენ, მე კი ვიჯექი მარტო და არ ვიცოდი, რა მექნა. ამიტომ საოჯახო ალბომს მომაჩეჩებდნენ ხოლმე ხელში. ეტყობა, მაშინ ეს მოდაში იყო. ეს ალბომიც, თქვენ რომ ათვალიერებთ, იმ მოსაწყენ ალბომს გაგონებთ, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. თუმცა, რაღა არ ხდება ამ ქვეყანაზე, იქნებ, ვიღაცამ, თეატრის მოყვარულმა, თვალი გადაავლოს ერთი კაცის ცხოვრებას და მიუტევოს შეცოდებანი“, - წერს რობერტ სტურუა ალბომის შესავალში.
ალბომში რეჟისორის ცხოვრება და შემოქმედებაა აღწერილი. ის ორი ტომისგან შედგება და სამ ენოვანია. დიდი რეჟისორის მიერ მოთხრობილი ისტორიების გაცნობა მკითხველს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შეუძლია. ალბომში უამრავი ფოტომასალაა წარმოდგენილი, პირველად გამოქვეყნდა რეჟისორის ჩანახატებიც. აქვეა საგაზეთო პუბლიკაციებიც, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული რეცენზიები, ცნობილი ადამიანების შეფასებები რეჟისორზე.
ალბომზე მუშაობა ორი წელი გრძელდებოდა. მისი შექმნის იდეა რუსთაველის თეატრის საგანმანათლებლო განყოფილების გამგეს აკაკი კუჭუხიძეს ეკუთვნის. ალბომის შემდგენელი კი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილია. ალბომში „რობერტ სტურუა“ მოვლენები ქრონოლოგიურად ლაგდება, პირველ წიგნში 1963–1983 წლების ისტორიებია მოთხრობილი, მეორე წიგნში კი – 1983–2009 წლების.
„რობერტ სტურუას შემოქმედების ამსახველი ზღვა მასალიდან ჩვენ შევეცადეთ მინიმალური შტრიხებით შეგვექმნა დიდი რეჟისორის პორტრეტი... სტურუა ბავშვობიდანვე ბევრს კითხულობდა, წერდა, უკრავდა ფორტეპიანოზე, გატაცებული იყო ჯაზის რიტმებით და ხატავდა. ამ გულუბრყვილო ბავშვურ ნახატებში ჩანდა მისი ორიგინალური ხედვა და სამყაროს არაფოტოგრაფიული აღქმა. ხატვის ნიჭის მიუხედავად, იგი მამის გზას არ გაჰყვა, ყველასგან მოულოდნელად რეჟისორობა გადაწყვიტა... თეატრალურ ინსტიტუტში მრავალი პედაგოგი გამოიცვალა, მაგრამ დღემდე დიდი მაესტროს მიხეილ თუმანიშვილის ჭეშმარიტ მოსწავლედ მიიჩნევს თავს...“– წერს ალბომის შესავალში კოტე ნინიკაშვილი.

რეჟისორის ჩანაწერი ალბომიდან: „ახლა, როცა უკვე 50 წლის ვარ და ცხოვრების ნახევარი გავლილი მაქვს, მინდა მთლიანად შევიცვალო, როგორც ადამიანი, პიროვნება, როგორც ხელოვანი. მინდა, მაგრამ შევძლებ კი? გახსოვთ, სკოლაში ახალ რვეულს რომ ავიღებდით. ყველანი ძალიან სუფთად ვწერდით პირველ გვერდს, მეორესაც, შემდეგ კი ისევ ისვრებოდა რვეული. ვიღებდი სუფთა რვეულს და ჩავუთქვამდი - დღეიდან კარგად ვისწავლი... ამჯერადაც რაღაც ¬მსგავსი გრძნობა მეუფლება. მინდა, თავიდან დავიწყო ყველაფერი... „
„ო, როგორ მძულს თეატრი, რა უაზრობაა, დგას ბრწყინვალე შენობა, ციხესიმაგრესავით ჩარაზული და აქ, ყოველ დილით თავს იყრიან მუზების მსახურნი - ნიჭიერები, უნიჭოები, ზოგი ამაყი და მედიდურნი, ზოგი დაჩაგრული და გაბოროტებული. შედიან დიდ ოთახში, სადაც ზაფხულში სიცხისგან სული ეხუთებათ, სუნთქვა არ ყოფნით, ზამთარში კი თბილ სამოსში გამოხვეული, კბილებს აკაწკაწებენ, ერთმანეთს ხელგაშლილნი ეგებებიან, თბილად მოიკითხავენ, მაგრამ შორიდან ბოღმა ახრჩობთ.
ამ დროს შემოდის აღრენილი კაცი, მკაცრად მოავლებს თვალს დამხდურებს, ყველანი ფეხზე დგებიან, თვალებში შესციცინებენ, გულში კი ფიქრობენ: მოვიდა ტირანი! მერე დაჭმუჭნულ ფურცლებში იქექებიან. ეს მათი როლებია, სისხლის ფასად რომ მოიპოვეს და იწყება ღვთაებრივი პროცესი. ტირანი ყვირის, ილანძღება, მსახიობები კი მორჩილად ასრულებენ იდიოტურ მითითებებს. საღამოს დარბაზი მაყურებლით ივსება (ყოველთვის კი არა), ისმის მუსიკის ჰანგები, ზოზინით იხსნება მტვრიანი ფარდა, მსახიობები მთვარეულებივით დაეხეტებიან სცენაზე, რაღაცას ლუღლუღებენ... აი, ეს გახლავთ ხელოვნების ტაძარი და ამ დაწყევლილ შენობაში შემოდიან და ვეღარ გადიან. სცენის მუშაც კი ვერ თმობს აქაურობას. როგორ გგონიათ, ამით მთავრდება ყველაფერი? არა ბატონო, თუ თეატრმა გაცდუნა და შეგიტყუა, არაფერი გეშველება, დაღუპული ხარ! გიყვართ თეატრი ისე, როგორც მე მიყვარს? მაშინ წადით იქ და მოკვდით. ეს რომ სხვას არ ეთქვა, მე ვიტყოდი...“
რობერტ სტურუას სპექტაკლები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს. მისი ნამუშევრებიდან შეიძლება გამოიყოს სპექტაკლები: „გოდოს მოლოდინში“, „შეილოკი“, „ჰამლეტი“,“რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „კაცია ადამიანი“, „დარისპანის გასაჭირი“, „სტიქსი“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“ და სხვ. ეს უკანასკნელი კინოკრიტიკოსებმა უკვე შეიტანეს მე–20 საუკუნის საუკეთესო ას სკექტაკლს შორის.
რობერტ სტურუა ცნობილია როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი“. ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის უილიამ შექსპირის 37 პიესიდან რობერტ სტურუას 17 უკვე დადგმული აქვს. 1986 წელს ლონდონში დადგმული „ჰამლეტი“ კი მსოფლიო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმილ ათ საუკეთესო სპექტაკს შორის დაასახელა.
რობერტ სტურუას მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი (1998); კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976); შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981); რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია „პრეზიდეტის ოქროს მედალი“ (1998); „თოლია" ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის, (მოსკოვი, 1998); ალბერტ შვეიცარის სახელობის პრემია (1975); ინგლისური და იტალიური კრიტიკის პრემიები (1980, 1981); არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988) და სხვა მრავალი.
„თეატრი მუდმივ ცვალებადობაში ეძებს განახლებას. გენიალური სპექტაკლიც კი დროთა განმავლობაში ძველდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაგალითად, „ლამარას” არ აღდგენა იქნებოდა უდიდესი დანაშაული ახმეტელის წინაშე. სხვათა შორის, სერგო ზაქარიაძემ მომმართა ასეთი თხოვნით, უარი ვუთხარი და ძალიან ვატკინე გული. მაშინ ზედმეტ გაბედულებად მეჩვენებოდა რუსთაველის თეატრში ისევ ამ პიესის დადგმა, ბოლო ხანებში კი თვითონ გამიჩნდა ასეთი სურვილი, თუმცა ადრინდელი შიში არ გამქრალა, უბრალოდ, პიესის განსხვავებულ გადაწყვეტას მივაგენი და მგონია, რომ ამას ახმეტელთან გაჯიბრებად, ანუ მკრეხელობად არ ჩამითვლიან...
მაყურებელი და თეატრი... თეატრი და მაყურებელი... საშინელებაა, როცა პარტერში ზიხარ. სცენაზე უამრავი ხალხი ირევა. ულამაზეს კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ულამაზეს გარემოში ვნებებს აფრქვევენ, ცრემლებს ღვრიან, შენ კი, საოცრად მშვიდი და, უფრო მეტიც, გულგრილი, ფიქრობ - ღმერთო ჩემო, რას მერჩიან. დროზე მაინც დამთავრდებოდეს, მაგრამ უფრო მეტი საშინელებაა, როცა დარბაზში 5-6 კაცი ზის, შესანიშნავ სპექტაკლს უყურებს და ტაშის დამკვრელი კი არავინაა...“– წერს დიდი რეჟისორი საკუთარ ალბომში.


რობერტ სტურუა 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1979 წლიდან ის თეატრის მთავარი რეჟისორია. 1980 წლიდან კი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რეჟისორირამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმშიც მოაწილეობს. მასზე დოკუმენტური ფილმიცაა გადაგებული.
უდიდეს რეჟისორზე შექმილი ორტომეული ახალგაზრდა რეჟისორებისადმი მიმართვით მთავრდება. რობერტ სტურუა ახალგზარდებს მოუწოდებს არ დატკბნენ საკუთარი მიღწევებით.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თეატრის სიყვარულით გაწამებულნო, ხანდაზმული კოლეგა მუხლმოდრეკილი გევედრებათ, თუ გინდათ ახალგაზრდებად დავრჩეთ, დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები და უფრო მეტიც - კი არ დავივიწყოთ, შევიძულოთ ჩვენი შედევრები. ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით! რაც არ გამოგვივიდა, რაშიც კრახი განვიცადეთ, სამუდამოდ ჩავიბეჭდოთ ტვინში. ჩვენ ასეთი პროფესია გვაქვს, სულ ახალი უნდა ვეძებოთ, არ უნდა გავჩერდეთ... ღმერთო ჩემო, რეებს ვბოდავ, მაგრამ, რა ვქნა, ასაკი მაინც თავისას შვრება - სიბერეში ერთობ სენტიმენტალური გავხდი.“
რეჟისორის ჩანაწერი ალბომიდან: „ბევრჯერ ღამით გამეღვიძება და შეშინებული ვიხსენებ ჩემს ბოლო სპექტაკლებს, ვაითუ, გამომაძევეს იმ საოცარი სამყაროდან, ვაითუ განვიკურნე და ცხოვრებას აუღელვებლად, გულგრილად ვუყურებ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სიგიჟემ ერთხელ კიდევ შემომიტიოს. დედაჩემი მახსენდება, ¬ვმშვიდდები და არხეინად ვიძინებ...“
მადონა ჯავახიძე

No comments: