Sunday, June 20, 2010

ბავშვები მომავლის გარეშე...

საქართველოში უპატრონო ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ყოველწლიურად ბავშვთა სახლებში ბავშვთა ჩაბარების შემთხვევების რაოდენობა როგორც წესი ბავშვთა სახლებიდან გაშვილებულთა რაოდენობას აღემატება.
მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს ბავშვთა სახლებიდან 70-მდე პატარა გააშვილეს, 90-მდე კი პირიქით, ბავშვთა სახლში იქნა ჩაბარებული.
წყნეთის ბავშვთა სახლის უფროსის მირანდა მუმლაძის თქმით, ყველაზე მეტი ბენეფიციარი 2009 წელს ჰყავდათ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან უნარშეზღუდული უპატრონო ბავშვები მიჰყავთ, თუმცა ძირითადად, მაინც სოციალურად დაუცველი ფენები მიმართავენ.
წყნეთის ბავშვთა სახლი 110 ბენეფიციარზეა გათვლილი. ახლა აქ 106 აღსაზრდელია. მაჩვენებელი თითქმის ყოველთვიურად იცვლება, თუმცა, ბავშვთა სახლის უფროსის მირანდა მუმლაძის თქმით, 100-ზე ქვევით არ ჩამოსულა.
ბავშვები ექვს კოტეჯში ცხოვრობენ. კოტეჯებში სხვადასხვა ოთახები და პატარა საწოლებით სავსე საძინებლებია. ბავშვებს ცალკე აქვთ სამზარეულო, ოთახი,სადაც სწავლობენ; ასევე ცალკე უდგათ ტელევიზორი. თითო კოტეჯში 15-დან 20-მდე აღსაზრდელია. “სახლში წავედი” - ამბობენ ისინი, როდესაც მეცადინეობას ან თამაშს მორჩებიან ხოლმე.
სტუმრები განსაკუთრებულად უყვართ. მაშინვე ფეხზე წამოცვივდებიან, შემოგეხვევიან და ერთხმად გესალმებიან. მზად არიან, ლექსი წაგიკითხონ ან გიცეკვონ და აუცილებლად გითხრან საკუთარი სახელი.
დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, გულისხმობს ბავშვთა სახლების მიმსგავსებას ოჯახური ტიპის გარემოსთან. წყნეთის ბავშთა სახლი კი, კოტეჯური სისტემით, ამ გარემოს ჰგავს. იდეალურ პირობებამდე ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს აქ უვლიან, აცმევენ, ასწავლიან.
ყველა ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავდება. ასევე განსხვავდება მათი სურვილებიც..
ზოგს პოლიციელობა უნდა, ზოგს პირამიდების ნახვა დაუსახავს მიზნად...
“მინდა ეგვიპტეში წავიდე.”
“ბალერინა მინდა გავხდე.”
“მე - მხატვარი.”
“მე - ჟურნალისტი.”
“მე მინდა, პოლიციელი გამოვიდე, პოლიციელი წესრიგს იცავს.”
“მე ჯარისკაცობა მინდა - ომში წავალ, ვიჩხუბებ.”
ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი კარგადაა. ასე გაგრძელდება 18 წლამდე. შემდეგ ამ ბავშვების უმრავლესობის ბედი გაურკვეველი ხდება. სახელმწიფო სხვა სპეციალურ პროგრამებს ვერ ახორციელებს. ვისაც სახლი აქვს, იქ დაბრუნდება და თავის დამკვიდრებას შეეცდება, ვისაც არა - მათი ბედი გაურკვეველია. რა იქნება ხუთი ან ათი წლის შემდეგ, ბავშვები ახლა ამაზე ვერ ფიქრობენ. ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან....

No comments: