Monday, April 13, 2015

ნიჭიერი რუსთაველები

ქართულ ტელესივრცეში მრავალი მუსიკალური შოუ არსეობს. სწორედ მათი დამსახურებით საზოგადოებამ ბევრი ისეთი ნიჭიერი ბავშვი გაიცნო, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ვირტუოზი დრამერის – გიორგი კაპანაძის ნიჭი და, ასევე, ჯგუფი „overtime“–ს მუსიკალური შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გადაცემა „ნიჭიერიდან“ გახდა ცნობილი. ისინი რუსთაველები არიან. მათ მოახერხეს და დიდი კონკურენციის ფარგლებში საუკეთესო თორმეტ ფინალისტს შორის მოხვდნენ. მე დავინტერესდი მათი ამჟამინდელი მოღვაწეობით და სამომავლო გეგმებით. გიორგი კაპანაძე, დრამერი, რომელმაც თავი მუსიკალური კომპოზიციების ემოციურად და ძლიერად შესრულებით დაგვამახსოვრა, ახლა 13 წლისაა და ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს. მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ მიმართულებით დიდი გეგმებიც აქვს დასახული. გიორგი კაპანაძე: ხელოვნების სკოლაში ოთხი კლასი აქ, რუსთავში ვისწავლე და შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში გადავედი, ახლა მეექვსე კლასში ვარ. იქ ვსწავლობ სოლფეჯიოს და მუს.ლიტერატურას, თეორიას. ინსტრუმენტზე დაკვრას ირაკლი ჭოლაძე მასწავლის, ვსწავლობ ჯაზს, ნოტებს. მყავს ასევე კერძო მასწავლებელი. ვუკრავ პიანინოზეც. ადრე ვმღეროდი კიდეც მაგრამ სიმღერა აღარ მინდა. – როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა დრამთან? გიორგი კაპანაძე: თავიდან დოლზე ვუკრავდი. 8 წლიდან ერისიონის სახელმწიფო ანსამბლში ვიყავი და წარმატებებიც მქონდა. საერთოდ, თითქმის ყველა ქართველმა მუსიკოსმა ფოლკლორით დაიწყო მოღვაწეობა. მერე მოხდა ისე, რომ შემთხვევით როცა ლაშა რამიშვილმა მთხოვა მივსულიყავი და „ზღაპრის“ ჩაწერის დროს დოლზე დამეკრა, დავინახე დრამი. ბევრი არ მიფიქრია, ეგრევე მივედი, დავჯექი და დავუკარი. მერე მივხვდი რომ ეგ საქმე მინდოდა. ახლა ძირითადად ჯაზს, ფიუჟენს ვუკრავ. რუსთაველ ნიჭიერს მრავალ ქართველ და უცხოელ შემსრულებელთან ერთად აქვს დაკრული. გიორგი კაპანაძეზე მოთხოვნა მაღალია, მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 13 წლის დრამერიც აქტიურად ერთვება სხვადასხვა წამოწყებაში, რადგან მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
გიორგი კაპანაძე: დრამერი, მუსიკოსი მთელი ცხოვრება ვიქნები. ჩემი მიზანი ეს არის. ბევრ ცნობილ ადამიანთან დამიკრავს, მარკუს მილერთან, ქართველ შემსრულებლებთან თითქმის ყველასთან. მიმიწვიეს აკვა–პარკის გახსნაზე, ხშირად ვუკრავ „ზაზანოვაში“. ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო Black See–ზე , რომელიც 2013 წლის 21 ივლისს გაიმართა, დავუკარი ასევე თბილისის ჯაზ ფესტივალზე 2013 წლის 28 ოქტომბერს. ჩემი სამომავლო გეგმებიც დრამს უკავშირდება. ახლა პირველ საჯარო სკოლაში ვსწავლობ და ნიჭიერთა ათწლედშიც. უახლოეს მომავალში ამერიკაში მინდა სასწავლებლად წასვლა, თუ საქართველოს მთავრობა დააფინანსებს მუსიკალური სკოლის ხარჯებს ხომ კარგი, თუ არადა არის შანსი და იმედია გამოვა, რომ თვითონ ამერიკელებმა დამაფინანსონ. მერე მინდა საკუთარი ჯგუფი გავაკეთო, ჯგუფი ცნობილი ადამიანების შემადგენლობით. – გიორგი, შენ პროექტ „ნიჭიერში“ არანაკლებ წარმატებას მიაღწიე – მოხვდი საუკეთესო თორმეტ ფინალისტს შორის. რა გამოცდილება შეგძინა ამ მუსიკალურმა პროექტმა? – პროექტის მერე უფრო ბევრმა ადამიანმა გამიცნო, უფრო მეტი გულშემატკივარი გამიჩნდა. თავიდან მე არ მინდოდა პროექტში მონაწილეობის მიღება, მუსიკოსებმა შემომთავაზეს, ჩემმა მშობლებმაც ძალიან მთხოვეს, ბოლოს დავთანხმდი. კომპოზიციები რომელიც შევასრულე არც იმდენად რთული არ იყო.
წარმატებული და ნიჭიერი შვილის შესახებ გიორგის მამაც გვესაუბრა. ბატონი მამუკას თქმით გიორგი ბავშვობიდან მუსიკალური იყო: მამუკა, გიორგი კაპანაძის მამა: ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა გორგი, როცა გვითხრეს ამ ბავშვს ყურადღება მიაქციეთო, 2 წლისას უკვე ჰქონდა მონაცემები. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. მერე როცა ბავშვმა ლაპარაკი ისწავლა, თვითონ გვითხრა ან დოლი მიყიდეთ ან ცეკვაზე შემიყვანეთო. ეგრევე გოდერძი მანჯაფარაშვილთან მივიყვანეთ თეატრში. როგორც კი მოუსმინა გიორგის, ეგრევე მედოლესთან მიიყვანა და ცეკვაზეც დააყენა. გიო უცებ ითვისებდა. მაშინ „ერისიონში“ გადავიდა და შვიდ თვეში უკვე მთელი პროგრამა იცოდა. 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით „ერისიონის“ დიდ ანსამბლთან ერთად მოღვაწეობდა. მერე როცა გიო დრამზე გადავიდა, ანსამბლიდან წამოვიდა. თუმცა უკვე ისედაც უწევდა წამოსვლა, ახალი თაობას უნდა მისულიყო.
დრამერ გიორგი კაპანაძესთან ერთად საუკეთესო თორმეტ მონაწილეს შორის მოხვდა რუსთაველი ნიჭიერი ბავშვების ჯგუფი „overtime”, რომლის ოთხი წევრიდან სამი – მამა სერგი კასრაძის შვილია. მე ბავშვებს ჯგუფის შექმნასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე: ზოია, „ოვერთაიმის“ წევრი: – ჯგუფის შექმნის იდეა ჩემს დეიდაშვილს, პეტრე კასრაძეს გაუჩნდა. იმ პერიოდში ყველანი რაღაც ინსტრუმენტზე ვუკრავდით და გაერთიანება გადავწყვიტეთ. ჩვენმა ჯგუფმა „ნიჭიერში“ წარმატებასაც მიაღწია. ახლა უკვე ქუჩაშიც გვცნობს ხალხი. ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი 9 წლის მოსეა, რომელიც დრამზე უკრავს, 14 წლის ლუკა – ბასზე , 12 წლის ზოიკო – პიანინოზე, ხოლო 14 წლის ნიკა – გიტარაზე. ლუკა: – ჩემი სამომავლო გეგმები მუსიკას უკავშირდება. ვუკრავ ბასზე, პიანინოზე, გიტარაზე. რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი მეცოდინება უკეთესია. ჩვენი ჯგუფი ძირითადად ქავერებს უკრავს. ხშირად გვაქვს კონცერტებიც, დაგვიკარავს რუსთავის დიდ თეატრში, სკოლებშიც. მოსე, ჯგუფის წევრი: – მე მუსიკაც მაინტერესებს და სწავლასაც უნდა გავყვე. ჩვენ ძირითადად უცხოურ ჯგუფებს ვუსმენთ : “Green day” , “Nait wish”, “Beatles”, Coldplay, “Red hot chili peppers“ თანამედროვე ქართველ შემსრულებლები არ მოგვწონს.
ზოია: – თავიდან ჩვენს ჯგუფში ჩვენ სამნი ვიყავით, მერე შემოვიდა გიტარა. გიტარაზე ნიკა უკრავს, რომელიც ჩემი კლასელი იყო. როცა ისიც შემოგვიერთდა ჯგუფი შეიკრა. ამ ეტაპზე „ოვერთაიმი“ დაიშალა , რადგან გადავწყვიტეთ არა ჯგუფის ფარგლებში, არამედ ცალ–ცალკე განვვითარდეთ. ჩვენს ჯგუფს პეტრე ხელმძღვანელობდა, ახლა ის ამერიკაშია. როცა ჩამოვა უნდა რომ უფრო გაზრდილები და ჩამოყალიბებულები დავხვდეთ. „overtime”-ს შესახებ ზოიას, მოსეს და ლუკას და, სალომე კასრაძე გვესაუბრა: სალომე: როცა ნიჭიერის შესარჩევი კასტინგები დაიწყო ჯგუფი უკვე ერთი წლის შექმნილი იყო, შექმნიდან რამდენიმე თვეში ჯგუფმა კონცერტიც გამართა, შესაბამისად „ოვერთაიმს“ საკუთარი რეპერტუარიც ჰქონდა, რითაც მერე ნიჭიერიც კონცერტებზე წარსდგა. მახსოვს იმ პერიოდში ჯგუფს არანაირი რეკლამა არ ჰქონია, არც პლაკატები გამოგვიკრავს სადმე, გვქონდა მხოლოდ ფეისბუქის გვერდი და მხარდამჭერები იქ გვგულშემატკივრობდნენ. მოხდა ისე რომ თორმეტ ფინალისტს შორის ისინიც აღმოჩნდნენ. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო.
დარწმუნებული ვარ რუსთავში კიდევ არსებობენ სხვა ნიჭიერი ბავშვებიც, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საკუთარ საქმეს დიდი მონდომებით აკეთებენ. ჩვენ გვჯერა, რომ მათთანაც მივა ისეთივე წარმატება, როგორსაც ჯგუფმა „ოვერთაიმმა“ და გიორგი კაპანაძემ მიაღწიეს. C 2014

No comments: