Sunday, January 26, 2014

როგორ ელოდებიან შობა–ახალ წელს რუსთავის მოხუცთა სახლში


ახალი წელი ერთ–ერთი ყველაზე მხიარული საერო დღესასწაულია, რომელიც სიკეთითა და იმედით არის აღსავსე. 31 დეკემბრის ღამეს ყველა განსაკუთრებულად ემზადება, ძველ წელს მადლობას უხდიან და აცილებენ, ხოლო ახლის შემობრძანებას ამაღლებული განწყობით ხვდებიან. მსოფლიოში ახალი წლის შეხვედრის სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. მაგალითად, ებრაული კალენდრის მიხედვით ახალი წელი შემოდგომაზე „როშ ჰაშანას“ დღესასწაულით იწყება, ჩინეთში კი ახალ წელს გაზაფხულზე აღნიშნავენ და ის რამდენიმე დღე გრძელდება.

მსოფლიოს დიდ ქალაქებში ამ დღესასწაულს ქუჩაში ხვდებიან. ნიუ იორკში, თაიმ სკვერზე შეკრებილი ადგილობრივები და ტურისტები უზარმაზარი კრისტალის ბურთის დაშვებას ადევნებენ თვალს, პარიზში ფეიერვერკების შოუ ეიფელის კოშკთან ეწყობა, ლონდონში ბიგ ბენის ზარებს თხუთმეტი წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ რეკავენ, სიდნეიში მთავარი საახალწლო მოვლენები ცნობილ ოპერის თეატრთან მიმდინარეობს. 31 დეკემბერს პლაჟზე ხვდებიან რიო–დე–ჟანეიროში.

საახალწლო ღონისძიებები ეწყობა საქართველოშიც. ამ დღეს ზოგი მეგობრებთან ერთად ატარებს, აღნიშნავენ რესტორანში, ზამთრის რომელიმე კურორტზე, ან თუნდაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუმცა უმრავლესობისთვის ახალი წელი მაინც ოჯახის დღესასწაულად ითვლება. მაგრამ ეს დღე არაფრით გამორჩეულია მათთვის, ვისზეც ახლა ჩვენ ვწერთ. ოჯახში გატარებულ ახალ წელს ისინი მხოლოდ საკუთარ მოგონებებში აცოცხლებენ. ჟურნალი „გზა ჭეშმარიტებისა“ რუსთავის მოხუცებულთა სახლს – „ქსენონს“ ესტუმრა.

ფალიაშვილის 12ა–ში მდებარე მოხუცთა სახლში საახალწლო ნაძვის ხე რამდენიმე დღის წინ დადგეს, სათამაშოებით მორთეს, „წვიმებით“ და საახალწლო ნათურებით გააფორმეს. ქალაქის ცენტრიდან მოშორებულ ამ მყუდრო გარემოს 45 მოხუცი აფარებს თავს. მათი საშუალო ასაკი 76-78 წელია. მოხუცთა სახლს ბატონი მალხაზ კვინიკაძე ხელმძღვანელობს:

„საახალწლო ნაძვის ხე უკვე დავდგით. ორი, სამი დღე ისე არ გაივლის, რომ ჩვენთან რაიმე ღონისძიება არ ჩატარდეს. მოდიან თეატრიდან, მათ შორის ახალგაზრდული თეატრიდან, მოდიან სკოლებიდან , თავიანთ შემოქმედებით საღამოებს ატარებენ, მუსიკალური კოლექტივები მოდიან კონცერტებს ატარებენ. პოეტები მოდიან საკუთარ ლექსებს კითხულობენ. აქ დარისპანის გასაჭირიც დაგვიდგამს. რამდენიმე პოეტი მოხუციც გვყავს.“
2014 წელს ამ დაწესებულებას დაარსებიდან ოცი წელი უსრულდება. „ქსენონის“ დირექტორი მოხუცთა სახლის დაარსების ისტორიას იხსენებს: „1995 წლის გორგასლობას უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩვენი მოხუცთა სახლი წმინდა აკაკი მორჩილის სახელობაზე აკურთხა. მომავალი წლის 4 აპრილს 20 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. აქ ვერ ვიღებთ ისეთ კატეგორიას რომელიც არის ფსიქიკურად დაავადებული, რომ საფრთხე არ შეუქმნას აქაურ მოხუცებს, ჩვენ არა ვართ ფსიქიატრიული დასაწებულება. ვერ ვიღებთ გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მქონე მოხუცებს იმიტომ რომ საავადმყოფო არა ვართ. ვერ ვიღებთ გადამდები სნეულებებით დაავადებულებს რომ აქ ეპიდემია არ გავრცელდეს. ასევე ვერ ვიღებთ ალცჰეიმერის დაავადების მქონეს, თავის და სხვის საგანს რომ ვერ არჩევს, რადგან აქ დისპანსერი არა გვაქვს. აქ მოსულ მოხუცს უნდა ჰქონდეს სამედიცინო ცნობები.“

მოხუცთა სახლი ორი ორსართულიანი შენობისა და ეზოსგან შედგება, აქვეა ხეივანი და ხეხილის ბაღიც. მთლიანი ფართობი ჰექტარზე ნაკლებს მოიცავს. 2012 წელს ერთ შენობას იაპონიის საელჩოს დაფინანსებით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მეორე. შენობის ერთი სართული მთლიანად მამაკაცებს აქვთ დაკავებული, დანარჩენ ადგილებს სამ სართულზე კი ქალბატონები ინაწილებენ. ბატონი მალხაზის თქმით , ქალბატონები ღვთის მადლით დიდხანს ცოცხლობენ და ახლაც, თავშესაფარში ერთი თავისუფალი ადგილი ქალბატონისთვისაა დარჩენილი.


მალხაზი კვინიკაძე: „ყველა სული ძვირფასია უფლისთვის. თუ თავისუფალი ადგილი გვაქვს ყველას ვიღებთ ვინც პირველი მოვა. აქ ორმოცდაათ კაცამდე ეტევა. თითოეულ ოთახში ჩვენ გვაყავს ორი ან სამი მოხუცებული. ვარჩევთ ისეთ ხასიათების მქონეებს რომლებიც ერთმანეთს უკეთ გაუგებენ, ვცდილობთ ისინი ერთად მოვათავსოთ. აქ ცხოვრობს ყველა გაჭირვეული ადამიანი. ეს არის მათი ერთადერთი საცხოვრებელი, დღე და ღამე აქ არიან. იშვიათად მოსანახულებლადაც მოდიან ოჯახის წევრები, ზოგს საერთოდ არ აკითხავენ.


მოხუცთა სახლში გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის სამჯერადი კვება. ტენდერს ვაცხადებეთ და მოაქვთ მასალები,შემდეგ ჩვენი მზარეულები ამზადებენ კერძებს. გვაქვს სამედიცინო მომსახურეობა. გვყავს სადღეღამისო თექვსმეტი მომვლელი. ყველა სართულზე არის ოთხი მომვლელი. გვყავს ექიმი და ექთნები. ყველა სართულზე გვაქვს ტელევიზორი, სატელიტური ანტენა. ასევე ზოგიერთ ოთახში გვაქვს პატარა ტელევიზორები. გვაქვს სხვადასხვა გასართობი: ნარდი, ჭადრაკი, დომინო. ერთობიან ხოლმე ჩვენი მოხუცები. ოჯახის წევრებმა ისინი რომ წაიყვანონ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნან, რაც ძალიან რთულია, ამიტომ აქედან ჯერ არავინ წასულა.“


მოხუცთა სახლის ეზოში ყვავილების ბაღია, რომელსაც მოხუცები სიამოვნებით უვლიან. აქ, ასევე, გაშენებულია ყურძნის ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორიცაა ცოლიკაური, დანახარული, ხიხვი, ოჯალეში, ჩინური. აქ არის სხვადასხვა სახეობის ხეხილი. ეზოში მოწყობილია პატარა შადრევანი.
„როცა კარგი ამინდია მათი ყოველდღიური დილა იწყება ამ ხეხილის შემოვლით და ყვავილების დათვალიერებით,– გვიყვება „ქსენონის“დირექტორი,– რაც ხეც ჩავრგეთ, ღვთის მადლით, ყველამ გაიხარა, ყველამ მოისხა. შეიძლება ითქვას რომ ჩვენთან პატარა საქართველოა – მინი საქართველო. სადაც არიან გლეხებიც, მუშებიც, ინჟინრებიც, პედაგოგებიც, პოეტებიც, გვყავს ორი აკადემიკოსიც. მოხუცებულთა დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, გვყავს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, არის რუსი, ქისტი და ოსური წარმოშობის მოხუცები.

მეუფე ხშირად მოდის ხოლმე აქ, ქალაქის ყველა მოძღვარია ჩვენთან ნამყოფი. აქ ტარდება ზიარება, პარაკლისი, მოხუცები აღსარებებს აბარებენ. ვინც მონათლულები არ იყვნენ სურვილი გამოთქვეს და მოინათლნენ, ჩატარებული გვაქვს სულ ოთხი ნათლობა.“

მოხუცებულთა სახლის ბინადრებმა განვლილი ახალი წლები გაიხსენეს და „გზა ჭეშმარიტებისას“ მკითხველს დამდეგიც მიულოცეს.

ანგელინა კავთელაძე 83 წლის: „ბევრი ახალი წელი მახსოვს. ტრადიცია ასეთი გვქონდა რომ ახალ წელს აუცილებლად ოჯახში უნდა შევხვედროდით. როცა ოჯახი დაილოცებოდა მერე შეიძლებოდა გასვლა, თუ მიწვევა გვქონდა სხვაგან სადმე. მაგრამ ახლა მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით აქაურ ახალ წელს, აქ როგორ შევხვდით. ყოველ ახალ წელს გვილოცავს ჩვენი ხელმძღავანელობა, ზოგჯერ სუფრას ვშლით, ვადღეგრძელებთ...“

ლენა 72 წლის: „პირველად ვხვდები ახალ წელს აქ. მახსენდება ჩემს შვილებთან გატარებული ახალი წელი. როცა ჩემი შვილი ჩამოდიოდა რუსეთიდან მაშინ არეულობა იყო და აეროპორტში ვერაფრით ვერ წავედით დასახვედრად. პირველში, დილას, თვითონ დაგვადგა თავზე. ის ახალი წელი განსაკუთრებული იყო ჩემთვის.“

ნათელა ბერიძე 71 წლის: „ყოველ დილას სანთელს ვანთებ უფალს მადლობას ვუხდი რომ გათენდება, დაღამდება მადლობას ვუხდი. განსაკუთრებულად მახსოვს ერთი ახალი წელი როცა ექიმები თავს დამტრიალებდნენ, მაშინ სიკვდილს გადავურჩი, სასწაფო ოპერაცია ჩამიტარდა.“

ქალბატონი ზოია რომელიც ადრე თბილისის მოხუცთა სახლის ექიმი გახლდათ და მეოთხე პოლიკლინიკაში უბნის ექიმადაც მუშაობდა, ახლა „ქსენონის“ ბინადარია. წუხილით აღნიშნავს რომ იმ მოხუცთა სახლში სადაც წლები მუშაობდა მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა. „აქ არაფერს გვაკლებენ. მაგრამ ახალი წელი მაშინ იყო კარგი როცა ყველაფერი წესრიგზე იყო, როცა ვმუშაობდი,– აღნიშნავს 84 წლის მოხუცებული.

სიდნიკოვა ანა ალექსეევნა: „ახალ წელს მშვენივრად ვხვდებით. განსაკუთრებით გვიხარია 7 იანვარს, შობას მეუფეს ველოდებით.“ გიორგი, იგივე ჯენერი ფანცულიას 72 წლის: „ერთი სურვილი მაქვს: მანახა ჩემი საქართველო გაერთიანებული და თუ გინდა მომკლა ხვალვე. სხვა სურვილი არ მაქვს.“

„ახალი წლის საღამოს პაემანი დამინიშნეს მე, ახალგაზრდა ვიყტავი და თავქარიანი, იმ პაემანზე წავედი და საახალწლო სუფრას უარი ვუთხარი. ეს იყო ჩემი შეცდომა, გვიყვება საახალწლო ისტორიას 78 წლის მწერალი და აკადემიკოსი ინდიკო კვეკვესკირი და საკუთარი გვარის წარმომავლობას იხსენებს, – კვეკვესკირი ყველას აფხაზური გვარი ჰგონია, მაგრამ კვეკვე მეგრულად პატარას ნიშნავს, სკირი – შვილს. პატარიძედ ითარგმნება ჩემი გვარი. ასე რომ, არცერთი წვეთი სისხლი არა მაქვს არაქართული.“

ნაძეჟდა ბაბანასოვა 93 წლის: „როგორი განწყობა მექნება როცა შვილი დაკარგული მყავს. მშვიდობას გისურვებთ.“ მაისურაძე ზელიმხანი 69 წლის: „ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველას ვინც ხვდება ახალ წელს, ღმერთმა დალოცოს და აბედნიეროს და კარგი ცხოვრება მისცეს სუყველას.“

მარიამი ნაგელიშვილი 83 წლის: „გილოცავთ მრავალს დაესწარით. ჩვენხელები დახდით.“

ეთერ გვარამაძე–კალანდარიშვილი: „იმდენი ხნისა ვარ რომ რა გავიხსენო და როდინდელი აღარც ვიცი. 82 წლის ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყავი ახალ წელს მშობლები უფლებას არ გვაძლევდნენ სხვაგან წავსულიყავით, ხუთნი ვიყავით დაძმანი ახლა წელს უნდა ვყოფილიყავით ოჯახში. მეორე დღიდან გვქონდა უფლება სადაც გვინდოდა, მეგობრებში რა შეხვედრასაც დავთქვამდით იქ წავსულიყავით. ახალი წელი მემგონი ყველაზე სასიამოვნო და სასიხარული დღესასწაულად ითვლება მთელი წლის განმავლობაში. ჩემი ასაკის ადამიანს ცოტა დარდიანი, ცოტა სევდიანი განწყობა მაქვს. ვფიქრობ ახალი 2014 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.“

ქალბატონმა მარიამმა საახალწლო სურვილი ლექსად გარითმა და მოგვიწოდა ერთმანეთისთვის თბილი სიტყვა არ დავიშუროთ: „ეს ცხოვრება რისკია და დაუნდობელი, ყოველ ნაბიჯზე გვიდარაჯებს ბედი მუხთალი, სცადეთ ერთმანეთს ძმიმე ყოფა შეუმსუბუქოთ და დღეში ერთხელ თბილი სიტყვა მაინც უთხარით.“

მიუხედავად მზრუნველი გარემოსა და იქ არსებული დამაკმაყოფილებელი პირობებისა, ,მოხუხებულთა სახლის ბინადრებს ერთი მთავარი სურვილი აქვთ, თითოეულ მათგანს საკუთარ ოჯახში სურს ახალი წლის შეხვედრა. ვუსურვოთ მათ სურვილების ასრულება.

No comments: