Saturday, April 3, 2010

Christian Dior


Christian Dior -ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის დამაარსებელი ,რომელიც დახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა მეოცე საუკუნის 50იან წლებში...
ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო. 
საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა. 
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა. 
1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი "NEW LOOK" ანუ "ახალი ხედვა" შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა. 
ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში. 
კრისტიან დიორის ყველა პერიოდის კოლექციას თავისი თემა ჰქონდა. ეს იყო კლასიკური კოსტიუმები, ე.წ "ბალერინის სიგრძის" ქვედაბოლოები და მრავალი სხვა. 

კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი. 

1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა. 1957 წელს, იტალიაში, გულის შეტევით კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა. სწორედ ამ წლიდან ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია "ტრაპეცია კაბებისგან" შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა. 
ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის "ჟივენშის" მოდის სახლში მუშაობდა. 
კრისტიან დიორი "შანელისგან" განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ. 
გალიანო, როგორც დიორის მემკვიდრე, იგივე სტილის, უაღრესად ქალურ სამოსს ქმნის, რომელშიც ერთნაირად იგრძნობა დღევანდელი გამოხატვის თავისუფლება და წარსულის სიმდიდრე.

No comments: