Saturday, April 3, 2010

GIORGIO ARMANI


მსოფლიო ბომონდი და განსაკუთრებით მოდის აქტიური მიმდევრები ალბათ სახტად დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათ საყვარელ დიზაინერს, ჯორჯო არმანის წლების მანძილზე არაფერი აკავშირებდა მოდასთან.
თავისი ცხოვრების გადაფასება არმანის ჯარში სამსახურის დროს მოუწია. ერთ მშვენიერ დღეს არმანიმ გაიცნო ნინო ჩერუტი, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო მოდის სამყაროში. ჩერუტიმ მასში დიზაინერის ნიჭი შეამჩნია და თავისთან სამუშაოდ მიიწვიa. არმანი 10 წლის მანძილზე ქმნიდა მოდელებს „ჰოთმენის“ სავაჭრო ნიშნით და მოგვიანებით გადაწყვიტა მოდის მდინარეში მარტოს შეეცურა. დამოუკიდებელი საქმის დასაწყებად საკუთარი „ფოლკსვაგენი“ გაყიდა.
არმანიმ ტრიუმფalუrი სვლა 1975 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც ქალის ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენების შემდეგ იგი პოპულარულ ჟურნალ „თაიმსის“ გარეკანზეც მოხვდა. კრისტიან დიორის შემდეგ ასეთი დიდი პატივი მხოლოდ არმანის ერგო. ყოველივე ამის შeმდეგ დაიწყო არმანის მეფობის ხანა, რომელიც დღესაც გრძელდება.
მისი კარიერა ფeნომენურია. დღეს წარმოუდგენელია, ისე იოლად ავიდეს ვინმე მოდის ოლიმპზე, როგორც ეს წილად ერგო არმანის. ათი წლის წინ მისი დიზაინით ჰოლივუდიდან მიშელ პფაიფერი დაინტერესდა, მას მიჰბაძეს მერილ სთრიპმა, კიმ ბესინჯერმა, მირა სორვინომ, ჯოდი ფოსტერმა, ჯინა დევისმა, რიჩარდ გირმა, მელ გიბსონმა და ა.შ. თვით სოფი ლორენმა უღალატა ვალენტინოს, რომელთანაც 20 წელი აკავშირებდა.ორნელა მუტისათვის კი არმანი იმდენად ძვირფასია, რომ სხვa დიზაინერების ბუტიკებშიც შესვლასაც კი უფრთხის. არმანისმუდმივი კლიენტები არიან აგრეთვე, მონაკოს პრინცესა კაროლინა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბორის ბეკერი და მისი მეუღლე კაროლინა.
არმანი მსოფლიო ბრენდია, კარგი გემოვნების ნიშანია და მოდის სიმბოლოა, მაგრამ თვითონ მაესტროზე რა ვიცით? როგორ გადაიქცა გულჩაკეტილი და მორიდებული ახალგაზრდა კაცი მოდის კანონმდებლად? რაშია არმანის ფენომენი? ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს, და როცა აძლევს, მაშინაც არ ცდილობს, გული გადაუშალოს ვინმეს. 
  ჯორჯო არმანის პირველი და ერთადერთი ბიოგრაფია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა რენატა მოლხომ დაწერა. ის მოდის ისტორიასა და სოციოლოგიას სწავლობს და თავის წიგნში ცნობილი დიზაინერის ცხოვრებაზე გვიამბობს. წიგნი ძირითადად მეგობრების და ნაცნობების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი. ავტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ იქცა როზანა არმანი, რომელმაც თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი ძმას მიუძღვნა. ბევრი რამ “Vogue Italia”-ს არქივებში აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით ბიოგრაფიაზე მუშაობაში არმანის პრეს-სამსახური ჩაება. 
  “მისი ბიოგრაფიის დაწერის ცდა უამრავჯერ აღმოჩნდა ამაო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მის ცხოვრებაზე პირველ წიგნს მზის სინათლის ხილვა ეღირსებოდა”, - გამოტყდა რენატა მოლხო. წიგნში არაა მორიგ ჯილდოზე თუ პრემიაზე საუბარი, არც დღესასწაულების აღწერა, არც ცნობილი სახეების მოგონებები. ავტორი ვარაუდობს, რომ პირველადაა გამოკვეთილად წარმოდგენილი ჯორჯო არმანის პორტრეტი აქამდე სრულიად უცნობ ასპექტში, რომელსაც გამალებით იცავდა სხვისი თვალისგან დიდი მოდელიერი, რადგან არ სურდა ვინმე მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო. 
  ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს, 7 საათსა და 40 წუთზე დაიბადა იტალიის ქალაქ პიაჩენცაში, ვია კოლუმბაზე, სადაც რომის მგლის ცნობილი მონუმენტი დგას. ის კირჩხიბია, მაგრამ ამავე დროს ლომის ზოდიაქოს ძლიერი გავლენის ქვეშაა. ოჯახის უფროსი, უგო არმანი, ქალაქის ფაშისტურ ადმინისტრაციაში მუშაობდა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, თამაშობდა კიდეც ადგილობრივ გუნდებში. დედა, მარია რაიმონდო (ჯორჯოს ცხოვრებაში მთავარი ფიგურა) დიასახლისი იყო, სპორტსაც მისდევდა, სოციალურ საქმეებსაც, საზაფხულო საბავშვო ბანაკების ხელმძღვანელიც იყო. მშობლები აღმერთებდნენ თეატრს და ერთმანეთი სწორედ მოყვარულთა სპექტაკლზე მუშაობისას გაიცნეს პიაჩენცას თეატრის სცენაზე. ჯორჯოს ტალანტი ძალიან ადრე გამოვლინდა. მისი დედა ყვებოდა, რომ ერთხელ საძინებელში, გადასაფარებლის ბოლოები მოჭრილი დახვდა, თურმე ჯორჯოს თავისი თოჯინებისთვის მოუჭრია ისინი, რომ თმები გაეკეთებინა მათთვის. 
  ცოტა რამ დიზაინერის დრევანდელ ცხოვრებაზეცაა ცნობილი: მაგალითად: ის ძალიან უბრალოდ იცვამს, და უპირატესობას მუქ ლურჯ ფერს ანიჭებს. მისი გარდერობი, 48 განყოფილებით, არც ისეთი დიდია, რადგან დერეფანში ეტევა. სახლი ვია ბორგონუოვოზე – სამსართულიანია, ფართობით 500 მ2 - და ფუნქციურობის და დახვეწილი უბრალოების ნაზავია. მასში ნეიტრალური - კრემისფერი და სპილოსძვლისფერი სჭარბობს. 
არმანის სამუშაო დღე ადრე იწყება, შესვენებაზე - პირველიდან ორ საათამდე - 15 წუთი სძინავს თავისი ოთახის დივანზე. დაახლოებით 8 საათზე საკუთარ თავს უფლებას აძლევს ცოტა დალიოს “ნობუში” - ეს იაპონური რესტორანია, რომელიც მაღაზი ვია მანძონიშია გახსნილი. 
- სულ თავიდან მე ძალიან ვეწინააღმდეგებოდი მანეკენების გაშიშვლებას, რადგან სამოსზე მეტ ყურადღებას მათი სიშიშვლე იპყრობდა, არც ტოპ-მოდელების პიროვნების, მათი საქციელისა და ხასიათისადმი გადაჭარბებულ ყურადღებას ვამართლებდი,- გვარწმუნებს ჯორჯო არმანი.  
 “ყველაფერს, რაც შემიქმნია, ქეიტ ბლანშეტი ასახიერებს, ის ყველა ჩემი ქმნილების ხორშესხმაა” - ამხელს დიზაინერი. “მისი გრაციოზული ფიგურა ზუსტად ისე აჩვენებს ჩემს კაბებს, როგორადაც მე ისინი შევქმენი”. ეს ქალი არმანის იდეალურ ქალად იქცა: უშფოთველი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ელეგანტური ქალბატონი, რომელიც სამყაროს უფრო სუფთას ხდის” (ჟურნალი ““Bunte”). 38 წლის ავსტრალიელი ქ. ბლანშეტი, რომელმაც 2005 წელს ოსკარი მიიღო “ავიატორში” შესრულებული ქეთრინ ჰეპბერნის როლისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია ელისაბედ II-ის როლით და “ბეჭდების მბრძანებელში” გალადრიელის პერსონაჟით.  
 - მეჩვენება, რომ სექსუალურობა სხეულის საქვეყნო დემონსტრირებაში კი არა, ჟესტში, მოძრაობასა და ქალის იდუმალებაშია. მე უარს ვამბობ ბანალურობაზე: ზედმეტად ცხადზე, ტრივიალურსა და ადვილად მიღწევადზე. მე უფრო დახვეწილი, ფაქიზი რამ მინდა გადმოგცეთ - ესაა შესაძლებლობა თავად გამოიყენონ იდუმალების და ეროტიზმის პოტენცია, რომლის ხორცშესხმის შესაძლებლობას ოსტატურად ახერხებს ჩემი შექმნილი ყველა მოდელი – ასეთია იდუმალებით მოცული ჯორჯო არმანის კრედო.

No comments: