Sunday, June 12, 2011

გვინდა ხელისუფლებაში რადიკალები?

ეს სტატია (საავტორო სვეტი) 2009 წლის 29 მაისს დავწერე, ახლა აღმოვაჩინე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ...

სტატიის თემა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ეს ორი წლის წინ იყო:

ამბობენ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიაო და ალბათ, ასეცაა. ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, აკრიტიკებს სააკაშვილის პოლიტიკას და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მიიჩნევს. ოპოზიციის ლიდერებმა მოსახლეობას აქციაზე გასვლისაკენ 9 აპრილს მოუწოდეს და ეს აქციები, უკვე ორმოცდამეათე დღეა გრძელდება. პარადოქსული ფაქტია, რომ ასეთი რადიკალურად განწყობილი ხალხის გვერდით აბსოლუტურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც თანაცხოვრებენ. ამ უკანასკნელთ, სააკაშვილი ერთადერთ "ნორმალურ" პოლიტიკოსად მიაჩნიათ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში და მეტიც, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე წერენ "მიშა მაგარია". ამ დაპირისპირებიდა წარმოქმილი კრიზისიდან თავის დაღწევა კი რთულია, რადგან დათმობას არცერთი არ აპირებს. ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს რადიკალურად სულად არ აღიქვამს. ნინო ურჯანაძემ განაცხადა, რადიკალური მაშინ ვიქნებოდი სააკაშვილის ჩამოხრჩობას თუ მოვუწოდებდი ხალხსო, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მოთხოვნები რადიკალურია, რადგან ქვეყნის პირველი პირის გადადგომას მოითხოვენ.

ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პირველი და მეორე პრეზიდენტები ხალხის დიდი მხარდაჭერით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ისევ ხალხის მიერ იქნენ ჩამოგდებულები. ასევე იყო მიხეილ სააკაშვილიც. ის თითქოს, გმირად შერაცხული, ახალი, ევროპული საქართველოს სიმბოლოდ ქცეული მოვიდა ქვეყნის სათავეში, თუმცა დღეს ხალხი ქუჩაშია გამოსული და მის გადადგომას ითხოვს.

რაშია პრობლემა? ნუთუ წარსულის გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა? რატომ ვირჩევთ ისევ რადიკალიზმს, რატომ დავამკვიდრეთ ტრადიციად ხელისუფლების შეცვლა აქციებით? ისიც კი გავიფიქრე, პრობლემა იქნებ ქვეყნის მმართველობაში - დემოკრატიაშია-მეთქი. როგორც ამბობენ, საპროტესტო აქციები დემოკრატიის გამოვლინებაა, რადგან არ დროს ხალხი საკუთარ აზრს გამოხატავს. ესე იგი, ამაში ცუდი არაფერია - პირიქით. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან დემოკრატიულად აგვირჩევია და დემოკრატიულადვე დაგვიმხია წინა მთავრობები. და ახლაც დემოკრატიის გზად ვადგავართ. ან იქნებ სხვა გამოსავალი გვეპოვა, მაგალითად, პრეზიდენტს მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადით შეეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა, ასეთ შემთხვევაში მას აღარ მოუწევდა წინასაარჩევნო აგიტაციაში მილიონების დახარჯვა...

რადიკალიზმმა იმდენად ხშირი გამოვლინება ჰპოვა, რომ შეიძლებოდა ის ჩვენი, ქართული ბუნებისათვის მიგვეწერა, რომ არა ამ პლურალისტურ გარემოში არსებული "ნეიტრალური" ტიპის ადამიანები (მაგრამ არა პოლიტიკურად ნეიტრალურები, ასეთები საქართველოში მხოლოდ ერთეულები შეიძლება იყვნენ). ისინი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებს აღიარებენ, მაგრამ არც ოპოზიციის გულანთებული მოწოდებების სჯერათ. "ნეიტრალურად მოაზროვნეებმა" ოქროს შუალედი კი მოძებნეს, მაგრამ მხარდამჭერები ვერ მოიპოვეს, რადგან ორივე (ოპოზიციის და სააკაშვილის მომხრეების) მხარისგან მოღალატეებად არიან შერაცხულები.

არ ვიცი რა მოჰყვება ამ აქციებს - სამოქალაქო დაპირისპირება თუ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ დროა ხალხმა ფიქრი ისწავლოს, პოლიტიკოსებმა კი - დიპლომატია, თორემ ჩვენს რეალობაში უკიდეურესად რადიკალური ადამიანებიც ყალიბდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველს ქვეყნის მართვა არ შეუძლია და სიტუაცია მაშინ დალაგდება, როცა სათავეში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოვა...

თქვენ რას ფიქრობთ?

გინდათ ხელისუფლებაში რადიკალები?