Sunday, July 10, 2011

"გაშიშვლებული ჭეშმარიტება " ( Profile )

“აი, მოვითენთე, მოვწყდი, ვგრძნობ, რომ ვიფიტები, ვეთიშები ამ ცხოვრებას და არ ვიბრძვი იმისათვის, რომ რაღაც ადგილი მაინც დავიკავო ამ ცხოვრებაში... მომავლის მეშინია, წარსული მაშფოთებს, აწმყოში უბედური ვარ... ...რატომ ჩდება ადამიანი, თუ მაინც უნდა მოკვდეს? აი, ეს არის კითხვა, რომელსაც ვერცერთ პასუხს ვერ შეუსაბამებ. მაგრამ, გაგებული მაქვს ისიც, რომ არ არსებობს კითხვა ბუნებაში, პასუხი რომ არ მოეძებნებოდესო. ჩემთვის ისიც ბევრჯერ უთქვამთ, სანამ სხვას კითხავ პასუხი საკუთარ თავში ეძიეო და ახლა იცით რას ვშვრები? ვცდილობ...”- ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც მუდამ ძიებაშია. მას სულ ახლახანს შეუსრულდა თვრამეტი წელი. ის ერთი ჩვეულებრივი რუსთაველი გოგონა იქნებოდა, რომ არა წერის არაჩვეულებრივი ნიჭი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. მის ერთ-ერთი ნოველის მიხედვით სპექტაკლიც კი დაიდგა, რომელსაც დიდი წარმატება მოჰყვა.


“როდესაც ვწერ, არ ვიცი რას ვგრძნობ, არ ვიცი ხოლმე ზუსტად რას ვწერ, რომც მკითხოთ ვერ გიპასუხებთ. როცა მთელი დღე აფორიაქებული ვარ, თავს ვერაფერს ვუხერხებ, კითხვებზე უაზრო პასუხს ვცემ, ვხვდები, რომ რაღაცა მაქვს დასაწერი. ვჯდები და იდეა ფურცელზე რამდენიმე წუთში გადმომაქვს. მერე უდიდეს შვებას ვგრძობ”- მიყვება მარიამი.
მარიამ აბაიშვილი 1991 წლის 13 თებერვალს ქ. რუსთავში დაიბადა. მამა- პეტმარი აბაიშვილი ჟურნალისტი და მწერალი გახლდათ, ამიტომ ოჯახის ბიბლიოთეკაში საუკეთესო წიგნები მოიპოვებოდა. მარიამი გატაცებით კითხულობდა შექსპირს, დოსტოევსკის, ბალზაკს, ცვაიგს, ჰიუგოს... და ამბობს, რომ ცხოვრებაც მათი დახმარებით შეიცნო.
“მე ამ ბრბოში ერთ-ერთი ცოდვილი არსება ვარ, რომელიც სულ რაღაც ცამეტი წლის წინ მოევლინა ქვეყნიერებას, მაგრამ რისთვის? ნუთუ ჩემი ბედიც ისეთივე ერთფეროვანი და უაზრო უნდა იყოს, როგორიც ამ ბრბოსია? ნუთუ მთელი ცხოვრება უნდა გავლიო ბედნიერების ძიებაში?”- წერს მარიამი. მაგრამ ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. ბედნიერება მას სწორედ ცამეტი წლის ასაკში ეწვია. წერის ნიჭმა მოულოდნელად იჩინა თავი და მთელი სიმძლავრით ამოხეთქა. მარიამი ნოველებს წერს, მაგრამ იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა დაქალთან ერთად ფილმის სცენარი დაწერა. ფილმს ორი მთავარი გმირი ჰყავდა, რომელიც მას და მის მეგობარს უნდა განესახიერებინათ. “გადავწყვიტეთ, გვეყიდა “ბლოკნოტი”, სადაც სცენარს დავწერდით, მაგრამ საკმარისი ფული არ გვქონდა. ამიტომ ბოთლების შეგროვება დავიწყეთ”- სევდიანი ღიმილით მიყვება მარიამი. აღებული ფულით მათ ნანატრი “ბლოკნოტი” იყიდეს.

მარიამი ამბობს, რომ ახლა შემოქმედებითი პაუზა აქვს, რადგან ახალი არაფერი დაუწერია. წერს მაშინ, როცა მუზა მოდის, ის კი შეიძლება უთენია მოვიდეს, ან შუა ღამით. ოთახში ჩვენს გარდა მარიამის დედა, ქალბატონი ლიაც იმყოფება. ის ასეთ ამბავს ყვება: “ღამით მარიამმა გამაღვიძა, სინათლე არ იყო და სანთელს ეძებდა. ძილბურანში ვიყავი და ყურადღება აღარ მიმიქცევია, მერე როცა გამეღვიძა დავინახე აივანზე იყო გასული და მთვარის შუქზე რაღაცას წერდა. იმ ღამეს დაიწერა მისი ერთ-ერთი საყვარელი ნოველა (“კრიტი”).”
სწორედ, ამ ნოველაზე რუსთავის ახალგაზრდულ თეატრში “ბრავო” სპექტაკლი დაიდგა. მისი შინაარსი კი ასეთია: ახალგაზრდა ბიჭი მღვდელთან მიდის და ზიარებას სთხოვს, რადგან თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. მღვდელი მის გადარწმუნებას ვერ ახერხებს და თვითმკვლელობის უმძიმესი ცოდვა რომ თავიდან ააცილოს, ის თავად კლავს ბიჭს.


ოველის ეს უცნაური ამბავი სპექტაკლის იდეად იქცა, რეალური გმირის, ბერი არსენის დაპატიმრების ამბავთან გაერთიანდა და საინტერესო სცენარად იქცა. ნოველა “ბრავოს” სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ნოზაძემ წაიკითხა და ემოციებით დატვირთული სპექტაკლი “კრიტი” დაიდგა. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. ახალგაზრდული თეატრის პიარ-მენეჯერი მაია ღუღუნიშვილი სპექტაკლის წარმატებას მის შინაარსს მიაწეს და გვიამბობს, სპეციალურად ამ სპაქტაკლის სანახავად როგორ ჩამოვიდნენ კულტურის მაშინდელი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი, რეჟისორი დათო დოიაშვილი, გიორგი უშიკიშვილი და სხვები. “დაინტერესება ძალიან დიდი იყო. დასი რუსთაველის თეატრშიც მიიწვიეს, “კრიტი” ექსპერიმენტალურ სცენაზე ითამაშეს და მოწონებაც დაიმსახურეს. ამაზე ბევრი სტატია დაიბეჭდა, ტელეარხებმაც გააშუქეს. ჩვენს თეატრში დღემდე ყველაზე წარმატებული სპაკტაკლი “კრიტია”. ამ სპექტაკლის შინაარსმა დიდი გავლენა მოახდინა ადამიანებზე. ერთ-ერთ მსახიობთან მივიდა მაყურებელი და უთხრა რომ სპექტაკლის ნახვის შემდეგ ეკლესიაში წასულა და მღვდლისთვის აღსარება უთქვამს.”- ყვება მაია ღუღუნიშვილი.
მარიამ აბაიშვილმა “კრიტი” თხუთმეტი წლის ასაკში დაწერა. მამამისს ეჭვი ეპარებოდა, ნამდვილად მისის დაწერილი იყო თუ არა და ხშირად ეკითხებოდა, საიდან ჰქონდა გადაწერილი. ბავშვი კი ჯიუტად იმეორებდა: ჩემი დაწერილია. ბოლოს მამამ დაუჯერა, მაგრამ მიხვდა, რომ ამის დაჯერება სხვებსაც გაუჭირდებოდათ.

ცამეტი წლისამ, როცა პირველად დაწერა ნოველა, გადაწყვიტა გაეგო სხვისი აზრი, მართლა წერდა თუ არა რამე საინტერესოს. ერთ საღამოს მარიამი დედასთან მივიდა და შესთავაზა გავისეირნოთო. დედამ უარი უთხრა, შენს თანატოლებთან ერთად წადი, ჩემთან სეირნობა რად გინდაო. მაგრამ დაიჟინა და დედამაც უარი არ უთხრა. სეირნობისას მარიამი გამოუტყდა დედას, რომ მეგობართან წაიკითხა ნოველა, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, ოღონდ ავტორი არ მახსოვსო- იცრუა და დედას საკუთარი ნოველა უამბო. მონაყოლით დედა აღფრთოვანებული დარჩა, ავტორი ვერც მან გაიხსენა, მაგრამ უთხრა: “ეს ნოველა, ალბათ, საუკეთესო ნოველისტს ო ჰენრის ეკუთვნის. ასეთ კარგ ნოველას სხვა ვინ დაწერდა?” მარიამი ბედნიერი იყო. ეს ხომ მიუკერძოებელი შეფასება იყო. ასეთი ფორმით უამბობდა დედას მარიამი საკუთარ ნოველებს, სანამ არ გამოაშკარავდა. ”რა თქმა უნდა, ვამაყობ. მის ნაწერებში იდეა დევს, გაოცდები. ის ჩამოყალიბებულ ნოველისტად დაიბადა, თანდაყოლილი ნიჭი აქვს, ისეთ თემებზე წერს, აქამდე რომ არაფერი სმენია. მისი შემოქმედება მხოლოდ მუზაზეა დამყარებული”, - მიიჩნევს ქალბატონი ლია. მის ნიჭს მეგობრებიც ამჩნევენ, ისინი მას მეგობრულ და თბილ ადამიანად ახასიათებენ. ამბობენ, რომ მხიარულია და არა მელანქოლიური, როგორიც ნაწერებიდან გვეჩვენება. მარიამი ოცნებობს შეხვდეს მასავით რომანტიკულ ადამიანს, რომელიც დედოფალივით მოეპყრობა, სურს იცხოვროს შუა საუკუნეების სტილში ჯენტლმენებით გარემოცულმა...


მარიამი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა ნოველა შემთვევით მოსულმა მუზამ კი არა საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა დააწერინა. თემა ნარკომანიის შესახებ უნდა ყოფილიყო. მარიამმაც დაწერა, მაგრამ გაგზავნა ვერ მოასწრო და ნოველა კონკურსს გარეშე დარჩა. ნოველაში მოთხრობილია ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, მასთან ურთიერთობა მეგობრებსაც აღარ სურთ. საბოლოოდ, ბიჭი ნარკოტიკებისგან თავის დაღწევას გადაწყვეტს. ამ დროს ქუჩაში ყვირილისა და ჩხუბის ხმას გაიგონებს და იქით გაეშურება. ხედავს, კაცს გამეტებით ურტყამენ და საშველად არავინ მიდის. ბიჭი მათკენ წავა, ხალხი მის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ის მაინც მიაღწევს მოჩხუბრებემდე და წაქცეული კაცისკენ დაიხრება. მისი შველის ნაცვლად კი საფულეს დასტაცებს ხელს და იქაურობას გაეცლება.
მარიამ აბაიშვილის ყველა ნოველა უსათაუროა (მხოლოდ, სახელი “კრიტი” რეჟისორმა შეურჩია). მათში გადმოცემული იდეა, ამბავი, პიროვნების დეგრადირებული თუ წმინდანის რანგში აყვანილი სახე, მოვლენების უსწრაფესი განვითარება გაოცებას იწვევს. კითხვას იწყებ დიდი იტერესით, აგრძელებ გატაცებით და ასრულებ გაოცებით. მარიამი წერს ახლებურად და თითქოს მისი სათქმელიც სხვაა, ახალია, მაგრამ პიროვნების ბუნებაც და პრობლემებიც ხომ დროში უცვლელი რჩება და მკითხველი ხედავს, მთელი სიცხადით ხედავს გაშიშვლებულ ჭეშმარიტებას.