Saturday, January 4, 2014

გაამწვანე ქალაქი

„თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. იყო საღამო, იყო დილა მესამე დღე“ (თავი პირველი. დაბადება. ბიბლია)


დედამიწა რთული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. ჰაერის, წყლის და გარემოს დაბინძურება ბევრი ცოცხალი ორგანიზმის არსებობას უქმნის საფრთხეს. გარემოსდაცვითი საკითხები გლობალურ ხასიათს ატარებს და მასში ნებისმიერი სახელმწიფო და მოქალაქე აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ეკოლოგიური პრობლემები საქართველოსთვის უცხო არ არის. მოსახლეობისგან დაცლილი სოფელები და ათასობით ეკომიგრანტი ამის დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ. გამწვანების საკითხი ნახევრადუდაბნოში გაშენებული რუსთავისთვისაც არანაკლებ აქტუალურია. ბუნების დასაცავად და მის გადასარჩენად ქვეყანაში რამდენიმე პროექტი ხორციელდება, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულად აქტიური ჩართულობა ან რაიმე სხვა მასშტაბური ღონისძიება აქამდე არ განხორციელებულა. ალბათ სწორედ ამიტომ, გამწვანება – განაშენიანების საკითხი კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 21 ოქტომბერს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც რამდენიმე სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ილია მეორის ინიციატივით შეიქმნა გამწვანების ფონდი სახელწოდებით „გაამწვანე საქართველო“, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის კუთხით იმუშავებს და ქვეყანას ჯანსაღი გარემოს შექმნაში დაეხმარება. ფონდისთვის პირველი შესაწირი თავად უწმინდესმა გაიღო.

დედა თეკლა (სიხარულიძე): „საქართველოში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, ტყეები გაჩანაგებული, გამხმარი და გადამწვარია, მას აღდგენა სჭირდება. იქნებ ამ ფონდის მეშვეობით ქვეყანაში მდგომარეობა შევამსუბუქოთ, განსაკუთრებით ქალაქებს ეხება ეს. ფონდის პრეზენტაცია შედგა წინანდალში 1 ნოემბერს. ფონდი უფრო აქტიურ მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს და მთელ საქართველოში გაიშლება.“ ფონდმა ერთ–ერთი პირველი პროექტი რუსთავში განახორციელა. „გაამწვანე საქართველომ“ ქალაქს საჩუქრად 1000 შავი ფიჭვის ნერგი გადასცა, რომელიც ლეონიძის სახელობის სკვერში დაირგო.

„რუსთავის გამწვანება სატყეო დეპარტამენტთან კონსულტაციით ხდება. აქ ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ქაოსურად არ გავაკეთოთ რაღაც და სპეციალისტებს, ყველაზე კომპეტენტურ პირებს დავეკითხოთ. ლეონიძის სკვერში ახლა მიმდინარეობს სატესტო გამწვანება დაახლოებით 3 ჰექტარამდე ფართობზე. სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში სისტემა დაიქსელება და ნარგავები მოირწყვება. რეაბილიტაციის ერთ–ერთი თანამონაწილე ფონდი „გაამწვანე საქართველოა“, რომელმაც 1000 შავი ფიჭვის ნერგი გადმოგვცა რომელსაც ამ სკვერში დავრგავთ. “– განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
მისი თქმით ქალაქში ბოლო 20 წელია ახალი ნერგები არ ირგვება და არც გასარწყავება ხდება: – გამწვანების მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია იმიტომ რომ ქალაქი ფაქტიურად ნახევრად უდაბნოა.
ჩვენ სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბ–ნი ბიძინა გიორგობიანთან ერთად ქალაქის გამწვანება დავათვალიერეთ იალღუჯის მთიდან. იქიდან ყველაზე კარგად ჩანს ქალაქი რა მდგომარეობაშია. გადავიხედეთ და ვნახეთ რომ ძველი ქალაქი რომელიც აშენებული არის 50 -იანი წლებიდან 70–იანი წლების ჩათვლით გაცილებით კარგ მდგომაროებაშია, ახალი ქალაქი 80–იანი წლებიდან აშენებული , სადაც ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით ორმოცი პროცენტი , ფაქტიურად ცუდი მდგომარეობაა. ქალაქში აღარ არსებობს ტექნიკური წყალი, ექვსი წლის წინ მთლიანად ამოიღეს წყლის მილები. თავიდან ამის შექმნას დიდი დრო, თანხა და ენერგია სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ტექნიკური წყლის შექმნას, ამიტომ ხეები სასმელი წყლით მოირწყვება რომელიც ხეებისთვის კარგი არ არის, მაგრამ სულ არაობას ჯობია. ხეების შერჩევისას ასევე გაკეთდა აქცენტი შავ ფიჭვზე რომელიც ისეთ გარემოში, როგორიც რუსთავია, კარგად ხარობს.“

ქალაქის მერის თქმით, ყოველწლიურად რამდენიმე ჰექტარზე ხეების დარგვა ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ კლიმატის შეცვლას გამოიწვევს და ქალაქში უკეთესი გარემო შეიქმნება.

„დიდი სურვილი გვაქვს იალღუჯის მთის გამწვანებასთან დაკავშირებით. ხეების დარგვისას აუცილებელია გაანალიზდეს ნიადაგი როგორი გაქვს, რა ხე ხარობს ამ ტერიტორიაზე. ჩვენს რაც მოვიკვლიეთ ზოგადად ამ ზონაში ნარგავი 20–30 წლის შემდეგ მოგვცემს ეფექტს. გამწვანებით ჩვენ CO-ს შემცირებასაც შევუწყობთ ხელს, მწვანე ნარგავების გაზრდა საუკეთესო გამოსავალია, ისინი მეტ ნახშირორჟანგს შეითვისებენ და ჟანგბადს გამოყოფენ. ტექნიკური წყლის არსებობის შემთხვევაში კი ქალაქს ოცდაათი, ორმოცი წლის შემდეგ ჰავაც შეეცვლება და კლიმატიც.“ – ამბობს დავით ჯიქია.


გარემოსდაცვით საკითხებზე ქალაქში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ისინი ცდილობენ მოქალაქეების სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. რუსთავში მწვანე ზონების სიმცირეზე გვესაუბრა ასოციაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ პროექტების კოორდინატორი არჩილ ფოლადაშვილი:
„ ჩვენი ორგანიზაცია დაარსებიდან აქტიურად არის ჩართული ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. ხშირად ვატარებთ ეკოლოგიურ კვირეულებს, დასუფთავების აქციებს, ყოველწლიურად გვაქვს ხეების დარგვის აქციები. ამ გაზაფხულზე მზრუნველობამოკლებულ და უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად დავრგეთ 150 ნერგი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ გადმოგვცა. ბოლოს მე–3 საჯარო სკოლის ეზო დავასუფთავეთ, შემდეგ მოსწავლეებს პრეზენტაციები ჩავუტარეთ გარემო როგორ დავიცვათ, რა პერიოდი სჭირდება სხვადასხვა პროდუქტების ნეშოპალად გადაქცევას, ეს იქნება პოლიეთილენი, იქნება ტყავი, თუნუქი თუ ა.შ. გაიმართა ფოტოგამოფენა და ვიდეოჩვენებები.“

ასოციაციის წარმომადგენელი თვლის რომ ხეების დარგვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მათი შემდგომი მოვლაა: „დარგვა მარტივია, ყველას შეუძლია, მაგრამ დარგვის შემდეგ ესაჭიროება მოვლა და პატრონობა. ახალგაზრდობის პარკთანაც ჩატარდა გამწვანების აქცია, ნაძვები დაირგო მაგრამ ვერ ირწყვებოდა და ვერ გაიხარა. რუსთავში არც რაიმე გამოკვეთილი რეკრეაციული ზონა გვაქვს. ერთადერთი მწვანე ადგილი რუსთავის „კულტურისა და დასვენების პარკია“, რომელიც ახლა რეაბილიტაცის პროცესშია. მაგრამ ვთვლი რომ რუსთავს აქვს პოტენციალი. ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან , იქ სადაც ადრე ძველი პარკი და „კუკუშკა“ იყო, ახლა ეს ადგილი უფუნქციოდ არის დატოვებული, კარგი იქნებოდა გაგვემწვანებინა. მარტო ჩვენი ასოციაცია ამას ვერ შეძლებს, ამიტომ ყველანაირ წყაროს ვეძებთ რომ მოვიპოვოთ ნერგები თუ სხვა სახის დახმარება, რომ სილამაზე შევმატოთ ჩვენს ქალაქს.“

ბუნებას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე ვკითხულობთ, რომ გარემოს გაჯანსაღებით შესაძლებელია მსოფლიოში ყოველწლიურად 13 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია. რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ალბათ საკუთარ მოვალეობას თითო ხის დარგვით თუ მოვიხდით.

No comments: