Saturday, April 3, 2010

Vivienne Westwood ვივიენ ვესტვუდი


XX საუკუნის 70-იანი წლების ახალგაზრდობისათვის საკულტო დიზაინერად იქცა ვივიენ იზაბელ სუაიე, დღეს უფრო მეტად ცნობილი როგორიც ვივიენ ვესტვუდი (დაბ. 1941 წ.), თავისი საქვეყნოდ განთქმული ბუტიკით (შოკისმომგვრელი დასახელებით ,,სექსი”) ლონდონის სკანდალურ რაიონ ჩელსიში. 

სწორედ პანკებთან (გრძელი პალტო-შინელი, დახეული ჯინსები და მაისურები უხამსი წარწერებით, ჯაჭვები და სამაგრები, ვარცხნილობა «იროკეზი», შეღებილი წარმოუდგენელ ფერებში) და ,,ახალ რომანტიკოსებთან” — 70-იანი წლების დასასრულის ინგლისის სუბკულტურასთან - ერთად შევიდა მისი სახელი ისტორიაში. 

მბზინავი შავი ტყავი, შარვალი-ბანდაჟი, ლატექსი, გამომწვევი მინი, რომლებიც უფრო ჰგავს მინი-ქამარს, ბადისებრი მაღალყელიანი წინდები, ბიკინები წაულას ბეწვისგან, ელვები და ჯაჭვები, მკვეთრი გრიმი, პირსინგი და ცნობილი ვარცხნილობა ,,იროკეზი” ორივე სქესისათვის აღმოჩნდნენ პოდიუმზე პირველად. 

ვ.ვ. (ასე მონათლეს ვივიენ ვესტვუდი სახელის შეკვეცის მოყვარულმა ჟურნალისტებმა) - მთავარი სკანდალისტი ინგლისურ მოდაში (სწორედ მან გამოუშვა დედოფალ ელისაბედ II- ის საიუბილეოდ მაისური მისი პორტრეტით, რომელზეც დედოფლის ქვედა ტუჩი ინგლისური ქინძისთავით პირსინგივით გახვრეტილი).

ბრიტანეთის ყველაზე ექსტრავაგანტული ქალი, დიდი მეამბოხე პანკური წარსულით (ტყავისა და რეზინის ტანსაცმლის მიმყიდველი სადომაზოხიზმით დაინტერესებულთათვის), მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა: ვივიენი აღარ თანამშრომლობს ,,სექს პისტოლსის” ჯგუფის ორგანიზატორთან, შოუ-ბიზნესის სამყაროში სკანდალურად სახელგანთქმულ - მალკალმ მაკ-ლარენთან და აღარ ხატავს მაისურებზე. პანკურ სტილს უკვე დაემშვიდობა და სულ უფრო და უფრო შორდება ანდერგრაუნდს. 1981 წლიდან მონაწილეობს პარიზის მაღალი მოდის კვირეულებში, გეგმაზომიერად სცილდება რა კუტიურს. 

დასრულდა დრო, როდესაც მისი ბუტიკის ხშირი სტუმრები იყვენენ შოუ-ბიზნესის ისეთი საკულტო ვარსკვლავები, როგორებიც არიან დევიდ ბოუვი და ბოი ჯორჯი. მაგრამ სწორად ამ ,,შოკის დედოფალმა” მოახდინა ძალიან დიდი ზეგავლენა თანამედროვე მოდაზე.

დღესდღეობით მისი კოსტიუმები თარგვის რთული სისტემის მიხედვით იკერება, რომელიც გამოკვეთს ბიუსტს და განზრახ უსვამს ხაზს წელს - სულ ვესტვუდია, მასწავლებელი განათლებით, ვივიენი – თვითნასწავლი, თარგვაში გენიალური ექსპერიმენტატორი.

ჯერ კიდევ სიყმაწვილეში გამოირჩეოდა ვივიენ ვესტვუდი თანატოლებში ყველაზე ვიწრო კაბით და ყველაზე მაღალი ,,ცხენის კუდით” თავზე. მოდაში მინიმალიზმის მოწინააღმდეგე ყოველთვის ისეთ სამოსს ქმნიდა, რომელიც თითქოსდა შეყვარებულია ქალის სხეულზე. 

(,,მიაკერო და მოაცილო!” -ასეთ სარკაზმით საუბრობს იგი თანამედროვე მოდის შესახებ) 

რად ღირს ისტორიები მისი სახელგანთქმული კოლექციების ჩვენებების შესახებ, როდესაც მანეკენებზე ტუალეტის ერთარდერთი ნივთი ბეწვის ქურქის ქვეშ - კორსეტი იყო, ანდა ტრუსი-ტანგა იმავე ბეწვისაგან, რომლებიც მოდის ყველაზე სექსუალური აღმოჩენა გახდა მერი კუანტის მინი კაბების შემდეგ. 

ცნობილი მანეკენის - ჯერი ჰოლის გამოჩენა პუბლიკაზე ვესტვუდის შესანიშნავ დრაპირებულ კაბაში, ძალიან ღრმა დეკოლტეთი... ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა მისი ნახევრადშიშველი მკერდი - რომ მისი ნახვა ატომური აფეთქების ტოლფასი იყო. რად ღირდა მისი მანეკენები, ტანსაცმლის გარეშე, ჩინებულ ფეხსაცმელში რომ მიდი-მოდიოდნენ სუნთქვაშეკრული მაყურებლის წინაშე. 

უმეტესწილად მისი მეცადინეობით, ქალის ქვედა ტანსაცმელი გადაიქცა ზედად და ეპოტაჟის ვირტუოზი არ წყვეტს წესიერი მაყურებლის შოკში ჩაგდებას.

შეიტანა რა საცვლები მოდაში როგორც ზედა ჩასაცმელი, აჩვენა რა კოლექციები, რომლებშიც ბიუსტჰალტერები კაბების ზევით აცვიათ, ვესტვუდმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის 80-იანი წლების მოდაზე.

,,შოკის დედოფალი” ვივიენ ვესტვუდი ასე ხსნის თავის შეხედულებას ქალთა მოდაზე: 

,,ხშირად ვიყენებ სიშიშვლეს ჩემს კოლექციებში, რადგან, მივისწრაფი შევქმნა ის განსაცვიფრებლად-იდეალური ქალის სახე, რომელიც ასე არ მოსწონთ ფემინისტებს. არ ღირს შიშველი სილამაზის დემონსტრირებაზე უარის თქმა.”

...თუმცაღა, ვივიენი ყოველთვის აღიარებს, რომ მისი ტანსაცმელი არ არის სუსტი ადამიანებისათვის:

 ,,ჩემი სამოსი მათთვის არ არის, ვინც ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, შეუმჩნეველი დარჩეს” 

 ქუჩის მოდასთან მისი ალიანსი, უსიყვარულობა ”ისტებლიშმენტისადმი” და აგრესიული სექსუალურობის მედგარი პროპაგანდა - პრესის მდგრადი ინტერესის გარანტიას იძლეოდა. 

ადამიანები გატაცებულნი არიან მისი სკანდალური იმიჯით (მაგალითად, ექსცენტრიული ,,ბებრუცანას” ვივიენის მიერ, ბუკინგემის სასახლეში 1992 წ. ბრიტანეთის ორდენით დაჯილდოვებაზე ქვედა საცვლის არქონის დემონსტრირება) და ვერც კი ამჩნევენ, რომ ის ელეგანტურ ტანსაცმელს ქმნის, რომლის ტარება შეიძლება და ხანდახან აუცილებელიცაა. 

...თუმცაღა, ვესტვუდმა პანკი კულტად აქცია და ამით გაანადგურა იგი. მისი მაღაზია ისეთი წარმატებით სარგებლობდა შეძლებულ კლიენტებს შორის, ხოლო ექსპორტი იმდენად დიდი იყო, რომ მან ბრიტანეტის იმპერიის ორდენი დაიმსახურა. ვესტვუდმა პანკები ქუჩიდან უმაღლეს საზოგადოებაში გადმოანაცვლა, ეს კი ეწინააღმდეგებოდა თვით პანკ-მიმდინარეობის არსს...

პანკ-მოდას მოჰყვა დაცინვა ქალურობაზე ტრადიციულ შეხედულებებზე _ კრინოლინების, კორსეტებისა და თავბრუდამხვევი პლატფორმების დახმარებით.

ქირდვა, ეპატაჟი - აი, თავისი საქმის შესანიშნავი ხელოსანის, უშრეტი ფანტაზიის მქონე ,,მოხუცებული” ვ.ვ.-ს, ძირითადი პრინციპი. საკვანძო სიტყვა მისი იმ პერიოდის მოდის გასაგებად ეს არის - სანარცხე. 

და მაინც, ვივიენ ვესტვუდი ინგლისური მოდის ნათლიაა. 

ყოველმა ინგლისელმა იცის მისი სახელი და ამაყობს იმით, რომ ვივიენი მისი თანამემამულეა დერბიშირის პატარა საგრაფოდან, რომელიც ბრიტანეთის ნამდვილი ეროვნული ფასეულობა გახდა. 

უკიდურესად ინდივიდუალური სტილი არა მხოლოდ შოკს გგვრის, არამედ გავლენასაც ახდენს სხვა მოდელიორებზე. 

ვივიენისეული შემაცბუნებელი აღმოჩენები, (მართალია, შედარებით მსუბუქი ფორმით) არც თუ იშვიათად, წარმატებულად აისახება სხვა მოდელიორების კოლექციებში. 

განსხვავებული დიზაინერები, როგორებიც არიან კარლ ლაგერფელდი, ჟან-პოლ გოტიე, კრისტიან ლაკრუა და რეი კავაკუბო, არ იღლებიან ამის აღიარებით და განადიდებენ ვივიენს, ხოლო მაღალი მოდის სამყაროში საქვეყნოდ ცნობილი ვესტვუდის ისეთი თანამემამულეები, როგორებიც არიან ჯონ გალეანო და ალექსანდერ მაკკუინი, სულაც მის გზას გაჰყვნენ, აქცევენ რა თავიანთ ჩვენებებს, ხშირად მეტად შემაცბუნებელ, თეატრალიზებულ წარმოდგენებად.

Gianfranco Ferré


Gianfranco Ferré - დახვეწილი ბრენდის დამაარსებელი,რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა 62 წლის ასაკში.
მას ხშირად უწოდებენ მოდის არქიტექტორს და ამაში გადამეტებული არაფერია.მის დღევანდელ სავიზიტო ბარათში მითითებულია, - პროფესიით არქიტექტორი. იგი 1987 წლიდან ქმნის ფირმას „ჯან ფრანკო ფერე და ს.პ.ა.“ , რომელმაც სათავე დაუდო შემდგომში გიგანტურ იმპერიას. თავდაპირველად შქმნა ქალების კოლექცია, შემდეგ - მამაკაცების, ხოლო 1984 წელს კი მსოფლიოში გამოჩნდა ქალის პირველი სუნამო, სახელწოდებით „ჯანფრანკო ფერე“ , შემდეგ 5 არომატი პარალელურად ქალისა და მამკაცის ტანსაცმლის კოლექციებთან ერთად იქმნება. ამასთან, ფერე თავად ქმნის სუნამოს ფლაკონის დიზაინს. ფირმის 20 წლისთავთან დაკავშირებით ფერემ გამოუშვა ქალის სუნამო „ჯანფრანკო ფერე 20“, რომელმაც მსოფლიო ტრიუმფი მოიპოვა.
მის კარიარაში არის ერთი გარკვეული ხაზი, როელსაც დიზაინერი მიჰყვება. ფერე ერთ კოლექციაში ტყავს აღმერთებს , მეორეში ბეწვს წამოსწევან წინ , მესამეში - ტრიკოტაჟს და ა.შ. მისთვის კრისტიან დიორის სახელი ყოველთვის მისაბაძი იყო და ცდილობდა ამ ფირმისთვის ეჯობნა. ფერეს დიორთან მუშაობამ მაინც მოუწია. გარკვეული დროის მანძილზე იგი სათავეში ედგა „დიორის სახლს“ . ამ პერიოდში გამოსული კოლექციები კრიტიკოსებმა შემდეგნაერად შეაფასეს: „დიორი დაბრუნდა, თითოეულ კოლექციაშ ჩანს დიორის ხედვა, მისთვის დამახასიათებელი სურნელი და მისი პრინციპები“. პრველი დიორ-ფერეს კოლექციის შემდეგ , ჯანფრანკო აღიარეს მსოფლიო კლასის დიზაინერად. „დიორის“ სახლში ფერემ 8 წელი დაჰყო და მოულოდნელად 1997 წელს იგი მიატოვა. იგი კომპანია „ფერეში“ დაბრუნდა. მან დაამტკიცა, რომ უნდა შეიქმნას არა სამი თვით, არამედ ათწლეულებისათვის.


GIORGIO ARMANI


მსოფლიო ბომონდი და განსაკუთრებით მოდის აქტიური მიმდევრები ალბათ სახტად დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათ საყვარელ დიზაინერს, ჯორჯო არმანის წლების მანძილზე არაფერი აკავშირებდა მოდასთან.
თავისი ცხოვრების გადაფასება არმანის ჯარში სამსახურის დროს მოუწია. ერთ მშვენიერ დღეს არმანიმ გაიცნო ნინო ჩერუტი, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო მოდის სამყაროში. ჩერუტიმ მასში დიზაინერის ნიჭი შეამჩნია და თავისთან სამუშაოდ მიიწვიa. არმანი 10 წლის მანძილზე ქმნიდა მოდელებს „ჰოთმენის“ სავაჭრო ნიშნით და მოგვიანებით გადაწყვიტა მოდის მდინარეში მარტოს შეეცურა. დამოუკიდებელი საქმის დასაწყებად საკუთარი „ფოლკსვაგენი“ გაყიდა.
არმანიმ ტრიუმფalუrი სვლა 1975 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც ქალის ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენების შემდეგ იგი პოპულარულ ჟურნალ „თაიმსის“ გარეკანზეც მოხვდა. კრისტიან დიორის შემდეგ ასეთი დიდი პატივი მხოლოდ არმანის ერგო. ყოველივე ამის შeმდეგ დაიწყო არმანის მეფობის ხანა, რომელიც დღესაც გრძელდება.
მისი კარიერა ფeნომენურია. დღეს წარმოუდგენელია, ისე იოლად ავიდეს ვინმე მოდის ოლიმპზე, როგორც ეს წილად ერგო არმანის. ათი წლის წინ მისი დიზაინით ჰოლივუდიდან მიშელ პფაიფერი დაინტერესდა, მას მიჰბაძეს მერილ სთრიპმა, კიმ ბესინჯერმა, მირა სორვინომ, ჯოდი ფოსტერმა, ჯინა დევისმა, რიჩარდ გირმა, მელ გიბსონმა და ა.შ. თვით სოფი ლორენმა უღალატა ვალენტინოს, რომელთანაც 20 წელი აკავშირებდა.ორნელა მუტისათვის კი არმანი იმდენად ძვირფასია, რომ სხვa დიზაინერების ბუტიკებშიც შესვლასაც კი უფრთხის. არმანისმუდმივი კლიენტები არიან აგრეთვე, მონაკოს პრინცესა კაროლინა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბორის ბეკერი და მისი მეუღლე კაროლინა.
არმანი მსოფლიო ბრენდია, კარგი გემოვნების ნიშანია და მოდის სიმბოლოა, მაგრამ თვითონ მაესტროზე რა ვიცით? როგორ გადაიქცა გულჩაკეტილი და მორიდებული ახალგაზრდა კაცი მოდის კანონმდებლად? რაშია არმანის ფენომენი? ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს, და როცა აძლევს, მაშინაც არ ცდილობს, გული გადაუშალოს ვინმეს. 
  ჯორჯო არმანის პირველი და ერთადერთი ბიოგრაფია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა რენატა მოლხომ დაწერა. ის მოდის ისტორიასა და სოციოლოგიას სწავლობს და თავის წიგნში ცნობილი დიზაინერის ცხოვრებაზე გვიამბობს. წიგნი ძირითადად მეგობრების და ნაცნობების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი. ავტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ იქცა როზანა არმანი, რომელმაც თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი ძმას მიუძღვნა. ბევრი რამ “Vogue Italia”-ს არქივებში აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით ბიოგრაფიაზე მუშაობაში არმანის პრეს-სამსახური ჩაება. 
  “მისი ბიოგრაფიის დაწერის ცდა უამრავჯერ აღმოჩნდა ამაო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მის ცხოვრებაზე პირველ წიგნს მზის სინათლის ხილვა ეღირსებოდა”, - გამოტყდა რენატა მოლხო. წიგნში არაა მორიგ ჯილდოზე თუ პრემიაზე საუბარი, არც დღესასწაულების აღწერა, არც ცნობილი სახეების მოგონებები. ავტორი ვარაუდობს, რომ პირველადაა გამოკვეთილად წარმოდგენილი ჯორჯო არმანის პორტრეტი აქამდე სრულიად უცნობ ასპექტში, რომელსაც გამალებით იცავდა სხვისი თვალისგან დიდი მოდელიერი, რადგან არ სურდა ვინმე მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო. 
  ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს, 7 საათსა და 40 წუთზე დაიბადა იტალიის ქალაქ პიაჩენცაში, ვია კოლუმბაზე, სადაც რომის მგლის ცნობილი მონუმენტი დგას. ის კირჩხიბია, მაგრამ ამავე დროს ლომის ზოდიაქოს ძლიერი გავლენის ქვეშაა. ოჯახის უფროსი, უგო არმანი, ქალაქის ფაშისტურ ადმინისტრაციაში მუშაობდა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, თამაშობდა კიდეც ადგილობრივ გუნდებში. დედა, მარია რაიმონდო (ჯორჯოს ცხოვრებაში მთავარი ფიგურა) დიასახლისი იყო, სპორტსაც მისდევდა, სოციალურ საქმეებსაც, საზაფხულო საბავშვო ბანაკების ხელმძღვანელიც იყო. მშობლები აღმერთებდნენ თეატრს და ერთმანეთი სწორედ მოყვარულთა სპექტაკლზე მუშაობისას გაიცნეს პიაჩენცას თეატრის სცენაზე. ჯორჯოს ტალანტი ძალიან ადრე გამოვლინდა. მისი დედა ყვებოდა, რომ ერთხელ საძინებელში, გადასაფარებლის ბოლოები მოჭრილი დახვდა, თურმე ჯორჯოს თავისი თოჯინებისთვის მოუჭრია ისინი, რომ თმები გაეკეთებინა მათთვის. 
  ცოტა რამ დიზაინერის დრევანდელ ცხოვრებაზეცაა ცნობილი: მაგალითად: ის ძალიან უბრალოდ იცვამს, და უპირატესობას მუქ ლურჯ ფერს ანიჭებს. მისი გარდერობი, 48 განყოფილებით, არც ისეთი დიდია, რადგან დერეფანში ეტევა. სახლი ვია ბორგონუოვოზე – სამსართულიანია, ფართობით 500 მ2 - და ფუნქციურობის და დახვეწილი უბრალოების ნაზავია. მასში ნეიტრალური - კრემისფერი და სპილოსძვლისფერი სჭარბობს. 
არმანის სამუშაო დღე ადრე იწყება, შესვენებაზე - პირველიდან ორ საათამდე - 15 წუთი სძინავს თავისი ოთახის დივანზე. დაახლოებით 8 საათზე საკუთარ თავს უფლებას აძლევს ცოტა დალიოს “ნობუში” - ეს იაპონური რესტორანია, რომელიც მაღაზი ვია მანძონიშია გახსნილი. 
- სულ თავიდან მე ძალიან ვეწინააღმდეგებოდი მანეკენების გაშიშვლებას, რადგან სამოსზე მეტ ყურადღებას მათი სიშიშვლე იპყრობდა, არც ტოპ-მოდელების პიროვნების, მათი საქციელისა და ხასიათისადმი გადაჭარბებულ ყურადღებას ვამართლებდი,- გვარწმუნებს ჯორჯო არმანი.  
 “ყველაფერს, რაც შემიქმნია, ქეიტ ბლანშეტი ასახიერებს, ის ყველა ჩემი ქმნილების ხორშესხმაა” - ამხელს დიზაინერი. “მისი გრაციოზული ფიგურა ზუსტად ისე აჩვენებს ჩემს კაბებს, როგორადაც მე ისინი შევქმენი”. ეს ქალი არმანის იდეალურ ქალად იქცა: უშფოთველი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ელეგანტური ქალბატონი, რომელიც სამყაროს უფრო სუფთას ხდის” (ჟურნალი ““Bunte”). 38 წლის ავსტრალიელი ქ. ბლანშეტი, რომელმაც 2005 წელს ოსკარი მიიღო “ავიატორში” შესრულებული ქეთრინ ჰეპბერნის როლისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია ელისაბედ II-ის როლით და “ბეჭდების მბრძანებელში” გალადრიელის პერსონაჟით.  
 - მეჩვენება, რომ სექსუალურობა სხეულის საქვეყნო დემონსტრირებაში კი არა, ჟესტში, მოძრაობასა და ქალის იდუმალებაშია. მე უარს ვამბობ ბანალურობაზე: ზედმეტად ცხადზე, ტრივიალურსა და ადვილად მიღწევადზე. მე უფრო დახვეწილი, ფაქიზი რამ მინდა გადმოგცეთ - ესაა შესაძლებლობა თავად გამოიყენონ იდუმალების და ეროტიზმის პოტენცია, რომლის ხორცშესხმის შესაძლებლობას ოსტატურად ახერხებს ჩემი შექმნილი ყველა მოდელი – ასეთია იდუმალებით მოცული ჯორჯო არმანის კრედო.

Chanel


მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს... 

მან გაათავისუფლა ქალის სხეული კორსეტისგან, მან თავის თანამედროვე ქალებს ჩააცვა შარვლები, ამასთან არ დაივიწყა ჰალსტუხი. . . მან შესთავაზა მსოფლიოს განუმეორებელი, დაუვიწყარი არომატი სუნამო - შანელი N5. 
მოდის პირველი სალონები და პირველი მოდელიერები, სიტყვა “კუტიურიესგან” გაჩდნენ XIX ს-ში საფრანგეთში. პარიზის წამყვანი მოდის სახლების შემოქმედებითი, მაღალი დონის სამკერვალო ოსტატობა გახდა პარიზის “მაღალი მოდის” საფუძველი. კოკო შანელი მოდის ბიზნესში მოხვდა XX ს-ში, როცა უკვე შემუშავებული იყო ტანსაცმლის ზომების სისტემა, დაიწყო მასიური წარმოება, გაჩნდა ტანსაცმლის ხაზი-pret-a-porte. შანელი იყო პირველი “კუტურიე”, რომელმაც დაიწყო მუშაობა სამკერვალო წარმოებისთვის. მისი კაბების და კოსტუმების მოდელებს აღარ ჰქონდა კორსეტის ფორმა, რომელიც ნეკნებს აზიანებდა და გულის წასვლის მიზეზი ხდებოდა. ტანსაცმელს ჰქონდა ქალის სხეულის ფორმა თავისი ღირსებებით და ნაკლით. რაც პოპულარული იყო XIX ს-ში- მეტისმეტად ვიწრო წელი, ფუმფულა ქვედაბოლოები, განიერი შლაპები, ძვირფასი მაქმანები, XX-ს-ში აქტუალურობა დაკარგა. 
კოკო შანელი ან იგივე გაბრიელ ბონერ შანელი - არის ის შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ბედის და გული კარნახით აღმოჩნდა მოდის ცვალებად სამყაროში და სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამასთან მას დასაწყისში მხოლოდ საკუთარი ხელები, ქინძისთავების და მაკრატელის გარდა არაფერი გააჩნდა. ამჟამად მაღალი მოდის ეს ვარსკვლავი, რომლის სახელია Chanel წარმოადგენს დახვეწილი გემოვნების და მომხიბვლელობის ბრენდს. 
კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარე “როტონდაში”, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი. კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა. 
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: “მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი”. 
მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის “რუსული სეზონის” დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტში “თამაში” სტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა. 
მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები. 
როგორც ფრანგი მოქანდაკე როდენი მარმარილოს აცლიდა ყველაფერს ზედმეტს შედევრის შესაქმნელად, ასევე მაკრატლითა და ნემსით შეიარაღებული კოკო ქმნიდა ქალებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. მისი შთაგონების წყარო იყო, როგორც ბავშვობა, ასევე გარემო, სადაც ტრიალებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX ს-ის ქალს. “ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი”. 
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილი“ჯერსი” ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები. 
1920 წელს კოკომ რუსი ემიგრანტ დიდი მთავარ დიმიტრი რომანოვის მეშვეობით გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო. იგი ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ “ქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით “შანელი N5” გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს. 
დამქანცველი ომის შემდეგ ევროპაში 20-იან წლებში დაიწყო ეკონომიკური ზრდა, შეიცვალა ქალის როლი. კოკომ შექმნა თავისი თანამედროვე ქალის მოდური სახე-ბიჭური ფიგურა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯულობა, რაც მანამდე ქალბატონებისთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მამაკაცის შარვლები, კოსტუმები, მკაცრი პერანგები ჰალსტუხით, ნაკეცებიანი ქვედაბოლოები – ამ ყველაფერმა საბოლოოდ შეცვალა ქალის ჩაცმის სტილი. და ბოლოს “უმაღლესი პილოტაჟი”- გენიალური, მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა გრძელი სახელოებით და მომრგვალებული დეკოლტეთი. შავი ფერის მიუხედავად, კაბა მეტად ეროტიკულად გამოიყურებოდა:კაშკაშა წითელი პომადა, ხელოვნური მარგალიტის გრძელი მძივი, მსუბუქი ნავისებური ფეხსაცმელი და შანელი N5 –ის არომატი ავსებდნენ კლასიკას. “პატარა შავი კაბა” გახდა არამარტო ეპოქის და არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ელეგანტური ლაკონურობა. ჟურნალები წერდნენ, რომ “ქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, ის უიმედოდ არის ჩამორჩენილი მოდას. 
კოკო შანელი ხდება მოდის აღიარებული კანონმდებელი. მისი მოდელების ქაღალდის თარგების გამოშვებას იწყებს ამერიკული კომპანია “Mc Call Pattern Company” . მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და კოკოს ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი ხდება, მისი კლიენტები მიეკუთვნებოდნენ მაღალი საზოგადოებას, ასევე იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები- მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები. 
თავისი ინდივიდუალური სტილის შექმნის, ცალკეული პროპორციების, ფერთა გამის, ქსოვილის ფაქტურის დამუშავების გარდა კოკო ქმნიდა დამატებით აქსესუარებს და ბიჟუტერიასაც. 
1924 წელს მან დაიწყო მოდური ბიჟუტერიის წარმოება ხელოვნური ქვებისგან დამზადებული ეფექტური მძივები და გულსაკიდები ამშვენებდნენ მის კოსტუმებს და კაბებს და ანიჭებდნენ ჩაცმულობას კონტრასტულობას და მოხდენილობას. 1929 წელს ის ხსნის აქსესუარების, ბიჟუტერიის და სუნამოების ბუტიკს. კოკოს აზრით სამკაულები ბევრი უნდა იყოს.. ისინი ეპოქაზე თავიანთ კვალს ტოვებენ, მე მსურდა, რომ ეს შანელის ბიჟუტერია ყოფილიყო” თავად კოკო ატარებდა თავის ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებთან ერთად, რათა ეჩვენებინა, რომ ოქრო ვერ ჩრდილავს მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას. 
უდიდესი წარმატება, რომელიც კოკომ მოიპოვა იყო მისი დაუღალავი შრომის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სურვილის, ნიჭის, მოდელიერის ოსტატობის შედეგი. მთელი ცხოვრება კოკო ამტკიცებდა, რომ მოვიდა საქმიანი, პროფესიაში წარმატებული, საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ქალის დრო, რომელსაც ამასთან ერთად სიყვარულის უნარიც გააჩნდა და შეეძლო ყოფილიყო სიყვარულის ობიექტიც. 
კოკოს რომანმა ვესმინსტერელ ჰერცოგთან, რომელიც დაიწყო 1925 წელს, შეავსო მისი წარმოდგენები მოდაზე. ტვიდის ჟაკეტებმა, რომელიც მამაკაცის კოსტუმებს გავდა, ნაქსოვმა სვიტერებმა შეიტანა მის სტილში ტრადიციული ინგლისური მოტივების ელეგენტურობა. მან უარი უთხრა ჰერცოგს ცოლობაზე. მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როცა მე მიწევს არჩევანის გაკეთება მამაკაცებს და ჩემ კაბებს შორის, ყოველთვის კაბებს ვირჩევ, მე ჩემ ვნებაზე ძლიერი ვარ”. მას არასდროს შეეძლო მთლიანად მისცემოდა პირად ცხოვრებას, მას ნარკოტიკივით იზიდავდა სამუშაო. ის მუდმივად დარჩება როგორც მადმუაზელ კოკო-უდიდესი მადმუაზელი. 
30-იანი წლების დასაწყისში კოკომ შექმნა საღამოს ჩაცმულობა, რომელშიც შეიტანა შიკის ელემენტები-ოქროსფერი წვიმებით გაწყობილი კაბები, ოქრომკედით ამოქარგული “ლამე”, რაც მის სტილს არ შეესაბამებოდა, მაგრამ დროს მიაგებდა პატივს. 
კოკომ თავისი შესაძლებლობები მოსინჯა, როგორც თეატრის და კინოს მხატვარმა. დიაგილევის ბალეტ “ლურჯი ექსპრესისთვის” მან შექმნა კოსტუმები (ჟ.კოკტოს სცენარი, ფარდის მხატვრობა პიკასო)., ასევე ფრანგული ფილმისთვის “პოეტის სისხლი”, მუშაობს ჰოლივუდში. 60-იან წლებში ფილმში “ბოკაჩო” რომი შნაიდერი შანელის შექმნილ კოსტუმებში თამაშობს. 
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კოკო ხურავს თავისი მოდის სახლს, მიდის თავისი დიდების და წარმატებისგან. “ისეთი განცდა მქონდა, რომ კაბებს არავინ არასდროს შეიკერავდა”-თქვა მან. ცხოვრებამ მას კიდევ ერთი სიყვარული აჩუქა გერმანელი ოფიცრის ბარონ გიუნტერ ფონ დინკლანგეს სახით, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო. იმ წლებში გერმანელ ოფიცერთან სასიყვარულო ურთიერთობა, თანაც ასეთი ცნობილი პიროვნებისთვის მეტად მიუღებელი იყო. მაგრამ შანელს უკან დახევა არ შეეძლო, ის უკვე 60 წელს უახლოვდებოდა. მთელი საფრანგეთი მას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა, ის იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასახლებულიყო:”გასარკვევია რა უფრო დიდი ღალატია გერმანელთან დაწოლა და გერმანელი გენერლების ცოლების მომსახურეობა”-თქვა კოკომ. 
ცხრა წლის შემდეგ კოკო დაბრუნდა საფრანგეთში ახალი კოლექციით. დადგა სახელგანთქმული საათი, როცა 70 წლის შანელმა კვლავ დაიპყრო პარიზელი ქალბატონების გული. მან მათ შეთავაზა კრისტიან დიორის ალტერნატივა კაბების და კოსტუმების უბრალო, მოხერხებული, უნივერსალური მოდელები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევის და ნებისმიერი ასაკისთვის. შანელის უსაყელო და უგადანაკეცო კოსტუმი, მოკლე, კანტით გაწყობილი პიჯაკი და სწორი, მეტალის ღილებიანი მკაცრი ქვედაბოლოთი. შანელი თვლიდა, რომ არ არსებობს კოსტუმზე თანამედროვე ნივთი, მისი ტარებაც შეიძლება ბლუზებთან, შარფებთან, ტოპებთან, ბიჟუტერიასთან. კოსტუმი გახდა მაღალი სტილის მაჩვენებელი და შანელის სახლის ყველა ჩვენებაშია წარმოდგენილი. 
ლეგენდარულმა კუტურიემ იცოცხლა 87 წელი და გარდაიცვალა 1971 წელს. შანელის სტილი კი დღესაც ცოცხლობს და წარმოადგენს მოდის ხელოვნებაში ელეგანტურობის ნიმუშს. 
“მე არ მიყვარს როცა საუბრობენ შანელის მოდაზე. შანელი-ეს პირველ რიგში არის სტილი. მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს”.

DOLCE &GABBANA


დოლჩე და გაბანა (იტალ. Dolce & Gabbana) — იტალიური მოდის სახლი. მათ პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიცაა სოფი ლორენი, უიტნი ჰიუსტონი, მადონა, მონიკა ბელუჩი, აიუმი ჰამასაკი, კრისტინა აგილერა, ისაბელა როსელინი და კაილი მინოუგი. კომპანიის წლიური ფულადი ბრუნვა 700 მლნ ევროს აჭარბებს.
დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.
პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა.
2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო.. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.
ბრენდები
დოლჩე&გაბანა სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე.
კომპანია აგრეთვე ვაჭრობს შემდეგი პროდუქციით: საცურაო კონსტუმებით, ქვედა საცვლებით, მხედველობის სათვალით, მზის სათვალით, სუნამოებით, საფულეებით.
დ&გ ჯუნიორი მოდის სახლის განსხვავებული ხაზია და ორიენტირებულია მხოლოდ 11 წლამდე ბავშვების ტანისამოსის შექმნაზე, რომელიც სეზონების მიხედვით არის წარმოდგენილი როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.
მარტო შეერთებულ შტატებში Dolce & Gabbana-ს რვა ბუტიკი აქვს გახსნილი. გარდა ამისა, მოდის სახლი მსოფლიოს უამრავ ქალაქს მუდმივად ამარაგებს უახლესი კოლექციებით, მათ შორის თბილისს.
საინტერესო ფაქტები 
მადონასთვის მათ რეკორდულად მოკლე დროში შექმნეს უდიდესი კოლექცია - 1500 კოსტჲუმი სულ რაღაც ორ თვეში და თანაც ხელით. აქვე უნდა ითქვას, რომ კონტრაქტში ანაზღაურების თანხა არც კი ყოფილა მითითებული. დიზაინერებმა თითქმის უფასოდ შექმნეს მშვენიერი კოლექცია. ”შესაძლოა ჩვენი შრომის ღირებულებაზე იმიტომ არ ვფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია იმდენი გვაქვს გამომუშავებული, რის გახარჯვას ვერც კი შევძლებთ”-აცხადებენ დოლჩე და გაბანა.
მოდილიორები წლიურად ცამეტ კოლექციას ქმნიან; თითოეულ კოლექციაში ისეთი რამ არის ხოლმე ჩადებული, რასაც ნოვატორობად მიიჩნევს მოფლიო მოდის ინდუსტრია.
1996 წლის კოლექციაში უმკლავებო, შავი ფერის, იატაკამდე დაშვებული კაბები ჭარბობდა, გვერდებზე შეჭრილი და ყელზე მოგდებული შავი შარფით. ეს სამოსი იმდენად ლამაზად იქნა მიჩნეული, რომ მარტო ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის მაღაზიებმა 650 შეკვეთა მისცეს დიზაინერებს.

Christian Dior


Christian Dior -ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის დამაარსებელი ,რომელიც დახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა მეოცე საუკუნის 50იან წლებში...
ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო. 
საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა. 
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა. 
1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი "NEW LOOK" ანუ "ახალი ხედვა" შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა. 
ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში. 
კრისტიან დიორის ყველა პერიოდის კოლექციას თავისი თემა ჰქონდა. ეს იყო კლასიკური კოსტიუმები, ე.წ "ბალერინის სიგრძის" ქვედაბოლოები და მრავალი სხვა. 

კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი. 

1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა. 1957 წელს, იტალიაში, გულის შეტევით კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა. სწორედ ამ წლიდან ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია "ტრაპეცია კაბებისგან" შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა. 
ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის "ჟივენშის" მოდის სახლში მუშაობდა. 
კრისტიან დიორი "შანელისგან" განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ. 
გალიანო, როგორც დიორის მემკვიდრე, იგივე სტილის, უაღრესად ქალურ სამოსს ქმნის, რომელშიც ერთნაირად იგრძნობა დღევანდელი გამოხატვის თავისუფლება და წარსულის სიმდიდრე.

ივ სენ ლორანი Yves Saint Laurent


“Over the years I have learned that what is important in a dress is the woman who is wearing it.”

"წლებზე მეტი დრო დამჭირდა, რომ მესწავლა რომ კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქალი,რომელიც მას ატარებს" .. (რომელსაც ის აცვია) Yves Saint Laurent 

Yves Saint Laurent – დაიბადა 1936 წლის 1 აგვისტოს ალჟირის სანაპირო ქალაქ ორანში, ფრანგი არისტოკრატების ოჯახში. 1953 წელს, როცა 17 წელი შეუსრულდა, ის პარიზში გაემგზავრა. 
  მოდის სამყაროში ლორანი ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ შევიდა: ჩაირიცხა Chambre Syndicale de la Haute Couture-ის სკოლაში. ვულმარკის კონკურსზე კოქტეილის კაბისთვის პირველი პრემია მიიღო; მიშელ დე ბრიუნჰოფის – “VIGUE”-ის ფრანგული გამოცემის შეფის - რეკომენდაციების წყალობით, მას შესაძლებლობა გაუჩნდა, ემუშავა თვით კრისტიან დიორის მხარდამხარ. 1955 წელს ივ სენ ლორანი დიორის ასისტენტი გახდა, იმ წელს მან თავისი პირველი ”საღამოს კაბა” შექმნა. 1957 წელს კრისტიან დიორი გარდაიცვალა და საკუთარი სამოდელო სახლის ხელმძღვანელად 21 წლის ივ სენ ლორანი დატოვა. ასე ჩაიბარა ლორანმა დიორის მემკვიდრეობა, ხოლო მოგვიანებით “მგრძნობიარე ელეგანტურობის” საკუთარი სტილი შექმნა და განამტკიცა.
მისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია მოდის სამყარომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1958 წელს იხილა და გაოგნებული დარჩა სრულიად ახალი სილუეტის აღმოჩენით. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სილუეტი ტრაპეცია იყო. პარიზის პრესა სიხარულით იუწყებოდა: დიორის ტახტი ცარიელი არ დარჩებაო!...
1961 წელს, ბერჟესთან ერთად, ივ სენ ლორანმა თავისი სამოდელო სახლი დააარსა.
1964 წელს გამოჩნდა პირველი არომატი ლორანისგან – ქალის სუნამო, მოკლე სახელწოდებით “Y”. 1966 წელს შეიქმნა ცნობილი სმოკინგების ხაზი.
  შემდგომში ივ სენ ლორანმა მთელი ძალისხმევა რეტ-ა-პორტე-სკენ მიმართა. პარიზში გახსნა ბუტიკი “YSL რივ გოში”. პარალელურად იუმორისტული სტატიების ილუსტრაციებს და თეატრის, ბალეტისა და კინოფილმებისთვის დეკორაციებს ხატავდა. მისი კოსტიუმები ეცვა კატრინ დენევს ლუის ბონელის ფილმში. სწორედ ამ სამუშაოსთვის მიიღო ლორანმა “ოსკარი”. 
  საოცარი წარმატება ჰქონდა 1968 წელს მის კოლექციას “Saharienne”. ამ გამაოგნებელი კოლექციისთვის ის ფოლკლორულ სტილს იყენებს. რბილი, თბილი ჰავა და ფერწერული, ეგზოტიკური მცენარეთა სამყარო წლიდან წლამდე შთააგონებს მას, შექმნას სულ ახალ-ახალი ეთნიკური კოლექცია.
  1971 წელს ლორანმა პირდაპირ შოკში ჩააგდო კრიტიკოსები თავისი ახალი კოლექციით: "40s". იმავე წელს მისმა სახლმა წარმოადგინა 1966 წლის Pret-a-porte-ს კოლექციის “გაგრძელება” - სუნამო კოლექციისავე სახელწოდებით: რივ გოში. ამავე წელს გამოჩნდა მისი პირველი მამაკაცის ოდეკოლონი "Pour Hommes".
  1975 წელს მან ქალბატონებს დენდის სტილი შესთავაზა, Vogue-ის რედაქტორმა თავის შეფასებაში ხაზი გაუსვა სწორედ ამ სიახლეს და ივ სენ ლორანს მოდის სამყაროს ოლიმპზე განსაკუთრებული ადგილი უწინასწარმეტყველა. 
  1977 წელს ლორანმა კიდევ ერთი სენსაციით მოხიბლა ქალბატონები – გაჩნდა ახალი არომატი “ოპიუმი”. სუნამო მომენტალურად ქრებოდა მაღაზიებიდან. ყველა მის შეძენას ცდილობდა.  
  დღეს ისევე, როგორც 40 წლის წინ, ივ სენ ლორანი დახვეწილობის, დიდებულებისა და შარმის სიმბოლოა. ის პატივს სცემს ტრადიციას. საიმედო ცვლაც იპოვა, მემკვიდრე, ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერი ალბერ ელბაზი. ამჯერად Yves Saint Laurent-ის მარკით pret-a-porter –ს კოლექციები მისი ხელით შეიქმნება. თავად ლორანმა კი განაცხადა, რომ ახალ კოლექციებს pret-a-porter -სთვის აღარ გააკეთებს. ის აპირებს საკუთარი თავი, როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც მიუძღვნას haute couture-ს....
  მაგრამ საუბედუროდ is 2008 წლის 2 ივნისს პარიზში 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ალბათ ინტუიციამ უკარნახა მას, მოეძებნა მის მიერ შექმნილი მაღალი მოდის სახლის მემკვიდრე და მისი სახელის ტრადიციის გამგრძელებელი. მოდის სამყარო და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ უდიდესი პიროვნების, მოდის ნოვატორის მოულოდნელი სიკვდილით.
Yves Saint Laurent -დახვეწილობის, დიდებულებისა და შარმის სიმბოლოდ დარჩება ყოველთვის.