Wednesday, March 21, 2012

გეიმ შოუ "ქალური ლოგიკა”

სექსიზმი სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკაა, ის მოიცავს არასწორ წარმოდგენებს, რწმენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას გულისხმობს.ეს კი, რასაკვირველია , გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის.

”ქალური ლოგიკა” რომელიც ტელეიმედის მაუწყებლობით 2012 წლის 4 მარტიდან გადაიცემა ეთერში, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად უწყობს ხელს მედია სექსიზმისა და სოციალური სტერეოტიპების გამყარებას საზოგადოებაში. არადა, პირიქით უნდა იყოს. დიდი გავლენის მქონე ტელევიზია, რომელსაც მეოთხე ხელისუფლებასაც კი უწოდებენ, უნდა ცდილობდეს აუდიტორიის თანამედროვედ აზროვნებას და მის განვითარებას შეუწყოს ხელი.



”იმედზე” კი რას ვხედავთ, წამყვანის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას მამაკაცები სწორად პასუხობენ, მონაწილე ქალებს კი , მათი "სუსტი ინტელექტის" გამო, ხშირად ვერსიებიც კი არ აქვთ, თუ რა შეიძლება იყოს პასუხი. სხედან ლამაზი გოგონები, და იწონებენ თავს,თუმცა ისინი ვერ ერკვევიან ვერც ისტორიაში, გეოგრაფიაში, კულტურაში, ვერც ლიტერატურაში, სპორტსა და კინემატოგრაფში, მათი განათლების დონე იმდენად დაბალია რომ გადაცემის დასაწყისში ტრადიციულად დასმულ კითხვაზე , რომელ სფეროში ერკვევით კარგადო, ერთ-ერთი მონაწილე პასუხობს: გართობაში. შეიძლება ვიფიქროთ, გოგონებს წიგნების კითხვა არ უყვართ, მაგრამ იქნებ ოჯახურ საქმეებში ერკვევიანო, მაგრამ თურმე არც ასე ყოფილა, როგორც აღმოჩნდა, ამ გოგონების უმრავლესობა სამზარეულოს ნივთებს ვერც კი ცნობს და ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან.



”ქალური ლოგიკა”, რომელიც მამაკაცთა უპირატესობისა და ქალების უვიცობის შესახებ მითის პროპაგანდისტია , ეწინააღმდეგება თანასწორობის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის იდეას. ეთიკის კოდექსი კი , რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა მედია საშუალება მათ შორის ტელეკომპანია ”იმედი”, დარღვეული და ფეხქვეშ გათელილია.


ამ გადაცემის ყურების მერე კი სტერეოტიპულად მოაზროვნე მამაკაცთა ნაწილი სიამოვნებით ამბობს: ”აი ეგ ხართ ქალები” , ” ქალი ლამაზია მაგრამ სულელი”, ” ვინ მისცა ქალს ჭკუა” და ა.შ.

ყოველთვის შეიძლება იპოვო ადამიანი, მამაკაცი ან ქალი, რომელსაც ცუდი განათლების, პატარა ასაკისა და გამოცდილების, ან სხვა რაიმეს გამო არ ეცოდინება რა არის სატევარი, ან მიჩურინის ვაშლი, მაგრამ უფრო დიდი შეცდომა და სირცხვილია როცა სპეციალურად ეძებ ასეთ ადამიანს, და მთელი ქვეყნის დასაცინს ხდი.

ეს ჰოლანდიური გეიმ შოუ, რომელიც დამახინჯებული სახით არის გადმოტანილი ქართულ ტელესივრცეში, ეჭვქვეშ აყენებს ქალების ინტელექტს, ინტუიციასა და ქალურ ლოგიკასაც კი.ძლივს წინ წამოწეულ ქალთა უფლებებსა და თავისუფლებებს, გედერული თანასწორობის იდეას კვლავ უკანა პლანზე გადაწევს. ეს გადაცემა ამბობს რომ კაცები დომინანტები არიან ჩვენს საზოგადოებაში, ისინი დასცინიან და აბუჩად იგდებენ ”ქარაფშუტა” ქალებს.

ასეთი ფორმატის გადაცემა, ძლიერი მედიაკავშირისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, პირველივე შოუს მერე შეწყვეტდა არსებობას. მაგრამ ჩვენ , სამწუხაროდ , არც ერთი გვაქვს და არც - მეორე.