Sunday, August 25, 2013

გენდერული პრობლემები

გენდერი ბერძნული სიტყვა „გენოს“–დან მომდინარეობს რაც დაბადებას , წარმოშობას ნიშნავს. გენდერული საკითხები კაცობრიობას მუდამ აღელვებდა და დღესაც, 21 საუკუნეში , თანასწორობისა და დისკრიმინაციის თემა აქტუალობას არ კარგავს. საუკუნეების მანძილზე ქალები ცდილობდნენ მოეპოვებინათ იგივე უფლებები, რაც ჰქონდა მამაკაცს, სურდათ ტრადიციულ საზოგადოებას ეღიარებინა მათი უნარები და შესაძლებლობები. საბოლოოდ ქალებმა მიაღწიეს იმას, რომ გენდერული თანასწორობა კანონმდებლობით, კონსტიტუციითაა აღიარებული , თუმცა რეალურად საკითხი კვლავ პრობლემატურია. საქართველოში, მიუხედავად იმისა , რომ ხშირად საუბრობენ ქალის პატივისცემასა და მის მნიშვნელობაზე, (ქვეყანაში, სადაც 12 საუკუნის პოემაში – „ვეფხისტყაოსანი“ საუბარია თანასწორობაზე „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“), ხშირად ვაწყდებით გედერული უთანასწორობის მაგალითებს. ქალებსა და მამაკაცებს არ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები კარიერული წინსვლისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისათვის. იშვიათია მაღალ თანამდებობებზე ქალების დანიშვნის ფაქტი, კარგად ანაზღაურებად ეკომიკურ სექტორებში ძირითადად მამაკაცები მუშაობენ. არც შრომის კოდექსი ითვალისწინებს ქალების დამცველ დებულებებს. გენდერული უთანასწორობის მაგალითები ხშირია ოჯახში. ქალთა დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში , ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი აღიარებს , რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 50% ფიქრობს რომ ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს მაშინაც კი, თუ არ ეთანხმება მას.
სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა გოგონაა. ასევე, აივ ინფექციით დაავადებული ქალების უმრავლესობა პარტნიორი მამაკაცის მიერაა დაინფიცირებული. მსოფლიოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ სიღარიბის ფემინიზაციაზე. კვლავ აქტუალურია ქალთა გამწესება ოჯახში, სამზარეულოში, ბავშვებთან და არა სოციალურ, ეკომონიკურ, სამოქალაქო, კულტურულ ცხოვრებაში – ეს ის პრობლემებია , რომელსაც თანამედროვე სამყარო ყოველდღიურად აწყდება.
ქალი შეზღუდულია დროის თავისუფლად გადანაწილებაშიც. რადგან მას ერთდროულად დედის და ქალის ფუნქციები უნდა ჰქონდეს შეთავსებული. რეპროდუქციული დანიშულება ხომ ქალის უმთავრესი მოვალეობაა, თვლიან მამაკაცები. პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ევროპის რიგ ქვეყნებში, გადაწყვიტეს კანომდებლობაში შეეტანათ ცვლილებები. მსგავსი იდეა საქართველოშიც დაიბადა და ქალთა ჩართულობის ასამაღლებლად პარტიათა ფინანსური წახალისება დაინერგა. ის პოლიტიკური პარტიები , რომლებიც სიაში ქალთა რაოდენობას გაზრდიან, 20%–იან დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა ამ ცვლილებამ გენდერული ვითარება მაინც ვერ შეცვალა. საქართველოს პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე წევრია ქალი. იშვიათი გამონაკლისია ქალი მინისტრი.
გაეროს ვებ–გვერდიდან ვგებულობთ, რომ საქართველო გენდერული ინდექსის მიხედვით 84 ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ვიეტნამი, ნიკარაგუა და ა.შ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა პრობლემის დასაძლევად. საჭიროა შრომის კოდექსში ცვლილების შეტანა, რათა დაბალანსდეს მატერიალური ანაზღაურებისა და თანამშრომელთა გედერული ბალანსის საკითხი, ასევე, სასურველია, პარტიებმა წესდებაში დანერგონ პროცენტული მაჩვენებელი და საკუთარ სიებში ქალებს მეტი ადგილი დაუთმონ. უცხოურმა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეტი პროექტი უნდა განახორციელონ საქართველოში დისკრიმინაციასა და უფლება–თავისუფლებაზე ინფორმირებულობის ამაღლების მიმართულებით, ასევე, თანაბრად მიეცეს გოგონებსაც და ბიჭებსაც განათლების მიღებისა და სწავლის დაფინანსების საშუალება. გენდერული პრობლემებზე საუბრისას არ შეიძლება ცალკე არ გამოიყოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი როლი , რომელიც ეკისრება მედიას – მეოთხე ხელისუფლებას. ჟურნალისტებმა უნდა გამოამზაურონ და მსჯელობის საგნად აქციონ გენდერული უთანასწორობის საკითხები. სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას განათლებული, ლიბერალური საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს, და რადგან საქართველო მიისწრაფის დემოკრატიული მმართველობისთვის, მან პრიორიტეტად უნდა დასახოს ადამიანთა ფუნდამენტური უფლების დაცვა, მედიამ უნდა უზრუნველყოს ამ აზრის პროპაგანდა საზოგადოებაში: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 1 # ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით, ამიტომ მათი ჩაგვრა რაიმე ნიშნით დანაშაულია.

No comments: